ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანებით ტრეფიკინგზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა


სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) ეხება, ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ეს პრობლემა გაამწვავა.

ანგარიშის შესავალში, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა: „ადამიანებით ტრეფიკინგზე ამ წლის ანგარიში მსოფლიოს ძლიერ გზავნილს აწვდის, რომ გლობალური კრიზისები, როგორიცაა „კოვიდ-19“ პანდემია, კლიმატის ცვლილება და გამყარებული დისკრიმინაციული წესები და პრაქტიკა, არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომლებიც სხვა უსამართლობით უკვე იჩაგრებიან... ეს გამოწვევები ემატება უკვე არსებულ დაუცველობას ექსპლუატაციისგან, რაშიც ადამიანებით ტრეფიკინგიც შედის“.

ანგარიშში მოყვანილი ზოგიერთი კონკრეტული შემთხვევა მოიცავს ინდოეთის და ნეპალის მაგალითებს, სადაც ახალგაზრდა გოგონებმა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გაჭირვების გამო, ოჯახის დასახმარებლად სკოლები მიატოვეს. ზოგიერთი კი იძულებული გახადეს ფულის სანაცვლოდ გათხოვილიყო.

ანგარიშში აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და ურუგვაიში მომხდარი შემთხვევები, როდესაც პანდემიის გამო ეკონომიკურ გაჭირვებაში აღმოჩენილ ბინის ქალ დამქირავებლებს, რომლებსაც ქირის გადახდა არ შეეძლოთ, ბინის პატრონებმა მათთან სექსი აიძულეს.

ჰაიტიში, ნიგერში და მალიში, იძულებით ადგილნაცვალ პირთა ბანაკებში მომუშავე „ბანდებმა“, პანდემიით გამოწვეული, უსაფრთხოების შესუსტებული ზომებით ისარგებლეს და ბანაკებში მყოფთ ფულისთვის სექსი აიძულეს.

მიანმარში (ყოფილი ბირმა), „კოვიდ-19“-მა და პოლიტიკურმა შფოთმა, ოჯახების 94 პროცენტს შემოსავალი შეუმცირა და ზოგიეთი მათგანი სექს-ტრეფიკინგის მიმართ დაუცველი გახადა.

ანგარიში ასკვნის, რომ პანდემიის პერიოდში ტრეფიკინგი არ შეჩერებულა.

XS
SM
MD
LG