ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი - "გარანტიები უნდა მოგვცეთ, ახლავე"


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინასთან და დასავლეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება სურს. თუმცა, მას სჭირდება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დაუყოვნებელი პასუხი, უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე, რომელიც კრემლმა წამოაყენა.

უკრაინა რეგიონში დაძაბულობის ეპიცენტრშია მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და კიევმა განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. კრემლი ამას უარყოფს, მაგრამ პარალელურად, 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვარზე.

„ეს არ არის ჩვენი გაკეთებული არჩევანი, ჩვენ ეს არ გვსურს“ - განაცხადა პუტინმა უკრაინასთან შესაძლო კონფლიქტის შესახებ, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.


რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის გადაცემულ უსაფრთხოების წინადადებებზე, რომელიც მიმდინარე კრიზისის განმუხტვას ისახავს მიზნად, მან მზაობის თაობაზე პირველადი, ზოგადი ხასიათის დადებითი პასუხი მიიღო. პუტინი იმედოვნებს, რომ კრემლის წინადადებებზე მოლაპარაკებები მომდევნო წლის დასაწყისში, ჟენევაში დაიწყება.

თუმცა, პრესკონფერენციაზე დასმულ კიდევ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას, პუტინი ამ საკითხზე კიდევ უფრო კატეგორიული იყო. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატომ გაფართოების შესახებ, რუსეთი „თავხედურად მოატყუა“.

„გარანტიები უნდა მოგვცეთ და სასწრაფოდ - ახლავე“ - ამბობს პუტინი.

მიუხედავად იმისა, რომ ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი კვლავ უკრაინის საზღვარზეა, კრემლი დაბეჯითებით უარყოფს, რომ მომდევნო თვეში უკრაინაზე თავდასხმას აპირებს.

რუსეთი დასავლეთისგან პირობას ითხოვს, რომ ნატო არ განახორციელებს სამხედრო აქტივობებს აღმოსავლეთ ევროპაში.

„ჩვენ პირდაპირ წამოვჭერით საკითხი, რომ არ უნდა მოხდეს ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთით. ბურთი მათ მოედანზეა, მათ რაღაცით უნდა გვიპასუხონ“ - აცხადებს პუტინი.

უკრაინის გამო შექმნილმა დაძაბულობამ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთს აფრთხილებს, რომ ახალ აგრესიას „მასიური შედეგები“ მოჰყვება. მათ შორის იქნება მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

რუსეთის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს, ვაშინგტონში „დათმობების სიად“ აფასებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ რუსეთი ომის საბაბის შექმნას ცდილობს.

„რუსეთის ფედერაციამ ყველა ეს მოთხოვნა გააჟღერა იმის სრული გაგებით, რომ მათი მიღება შეუძლებელია“, თქვა სენატორმა. რიში ბაიდენის ადმინისტრაციას და ყველა ნატოელ მოკავშირეს მოუწოდებს, მოთხოვნები უარყონ. მაგრამ, სენატორმა რიშმა ასევე თქვა: ალიანის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ უარს, პუტინი სამხედრო ძალის გამოყენების გასამართლებელ მიზეზად გამოიყენებს. მან კონგრესს და ადმინისტრაციას მოუწოდა იმოქმედონ მანამდე, სანამ რუსეთი ვითარების შემდგომ ესკალაციას მოახდენს.

ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს დეესკალაციისკენ და კონფლიქტის თობაზე დიპლომატიური ძალისხმევის განახლებისკენ დაჟინებით მოუწოდა. თავდასხმის შემთხვევაში კი, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, ევროკავშირი ახალი, ძლიერი სანქციებით იმუქრება.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ამას ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. შესაძლოა უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი თავდაცვითი საშუალებები მივაწოდოთ, რასაც უკვე ვაწვდით და ასეთი ესკალაციის საპასუხოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ნატოელი მოკავშირეები გავაძლიეროთ" - თქვა 11 დეკემბერს, ჟურნალისტებთან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

ამავე ტიპის განცხადება გააკეთა ერთი დღით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ხაზი გაუსვა რა იმას, რომ ალიანსის პოზიცია უცვლელი რჩება, მან თქვა, რომ "ყოველი ქვეყნის უფლება და ფუნდამენტური პრინციპია, აირჩიოს საკუთარი კურსი... მათ შორის ის, თუ უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს რომ გახდეს" - განუცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, "ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან გადაწყდება ნატოს 30 მოკავშირის და უკრაინის მიერ, სხვა არავის მხრიდან".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG