ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში არჩევნები დასრულდა, თუმცა ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას კლავ უცნობია

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიაში კვირას გამართულ არჩევნებში, ხმების უმრავლესობა მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25% აიღეს, ხოლო მათმა მთავარმა ოპონენტებმა, მემარჯვენე ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა 24.1%. ახლა ორივე მათგანი კოალიციის ჩამოყალიბებისთვის იბრძვის.

ორივე პარტია ცდილობს შედარებით მცირე პარტიებთან გარიგებას, კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც კანცლერ ანგელა მერკელის კაბინეტს ჩაანაცვლებს.

მესამე ადგილზე „მწვანეების“ პარტია გავიდა ხმების 14.8%-ით. მეოთხე ადგილი კი თავისუფალი ბაზრის მომხრე „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიამ აიღო 11.5 პროცენტით.

მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ცდილობს სწრაფად მიაღწიოს შეთანხმებას სხვა პარტიებთან, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა მას სოციალ-დემოკრატები მოუწოდებენ, რეიტინგის ვარდნის გათვალისწინებით, ოპოზიციაში გადავიდნენ. ამასთან, ორივე წამყვანი პარტიის შედეგი აჩენს კითხვებს იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება შემდეგი კოალიცია.

ტრადიციულად "მწვანეების პარტია" მხარს სოციალ-დემოკრატებს უჭერს, ხოლო თავისუფალი დემოკრატები კი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს. თუმცა არცერთ პარტიას არ გამოურიცხავს, რომელიმესთან თანამშრომლობა.

კიდევ ერთი ვარიანტი „დიდი კოალიციაა“, სადაც სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან დემოკრატიული კავშირი შევა. სწორედ მსგავსი კოალიციის პირობებში მართავდა მერკელი ქვეყანას 16-დან 12 წლის განმავლობაში. თუმცა ამ კოალიციას თან ბევრი უთანხმოება ახლავს და მისი შექმნის სურვილი, პოლიტიკურ ელიტაში ნაკლებად პოპულარულია.

ამ არჩევნებზე ხმები დაკარგა მემარჯვენე რადიკალურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიამ“, მან 10.3% აიღო. ხოლო მემარცხენე რადიკალურმა „დი ლინკემ“ კი 4.9%.

კანცლერი ანგელა მერკელი ხელისუფლებაში იქამდე დარჩება, სანამ კოალიციის გარშემო მოლაპარაკებების შედეგად მისი შემცვლელი არ იქნება არჩეული. მხარეები იმედოვნებენ, რომ მთავრობა წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება.

This item is part of

Facebook Forum

XS
SM
MD
LG