ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა და არა სახელმწიფოს მშენებლობა


შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ავღანეთში ამერიკის მიზანი ტერორიზმის აღმოფხვრა იყო და არა სახელმწიფოს აშენება. სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან მიმდინარე პროცესებში.

მე არც იმ პასუხისმგებლობას ვიშორებ, რაც დღეს ხდება და არც იმააზე თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ.
ჯო ბაიდენი


"20 წლის წინ ჩვენ ავღანეთში მისია დავიწყეთ, რამდენიმე მიზეზით. პირველი პასუხი გვეგებინა მათთვის ვინც 2001 წელს ჩვენ თავს დაგვესხა და მეორე, დავრწმუნებულიყავით, რომ ალყაიდა ვერ გამოიყენებდა ავღანეთს ბაზად საიდანაც ჩვენ ხელმეორედ დაგვესხმებოდა თავს. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ავღანეთის სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა. ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ 20 წლიან ომში. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სახელმწიფო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო... ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება", - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რატომ დაიწყო ომი ავღანეთში. პრეზიდენტი ამბობს, რომ სახმედრო ოპერაცია 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიგეგმა და პირველივე დღიდან დღემდე, ამერიკის მთავარი ინტერესი ავღანეთში ტერორიზმის აღმოფხვრა იყო.

ჩვენი მისია ავღანეთში არასდროს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ერთიანი, ცენტრალიზებული დემოკრატიის შექმნა.
ჯო ბაიდენი

თეთრ სახლში პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ხელისუფლებას დიდი დახმარება გაუწია ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და სამხედროების გადამზადებაში. თუმცა, ამერიკას არასდროს უთქვამს, რომ ის მუდმივად დარჩებოდა ავღანეთში მათ დასაცავად.

ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება სწორი იყო. ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ყველა რისკი წინასწარ იყო გათვლილი, თუმცა მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა ვიდრე ის ამას ელოდებოდა. ჯო ბაიდენი განმარტავს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება დღეს არ იქნებოდა მიღებული, უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპებოდა და ავღანეთის დატოვება „დროული არასდროს იქნებოდა “.

„ეს 20 წელი იყო რთული, რთული გასავლელი გზა. დღეს რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, ომის დასრულება არასდროს იქნებოდა ხელსაყრელი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და მყარად ვრჩები ჩემს პოზიციაზე. ყველა რისკი იყო შეფასებული. აშკარა იყო, რომ ასე მოხდებოდა. თუმცა არ ვფიქრობდით, რომ ასე სწრაფად წარიმართებოდა პროცესი. სიმართლე ისაა, რომ რისკები, რასაც ველოდბით ძალიან მალე დადგა დღის წესრიგში. რა მოხდა რეალურად? მოხდა ის, რომ პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ და ძალაუფლება დათმეს, ავღანეთის არმია დაიშალა და ბრძოლის გარეშე დათმეს საკუთარი პოზიციები. ამ ყველაფერმა გაამყარა ჩვენი პოზიცია, რომ ამერიკული მისიის დასრულება ავღანეთში იყო სწორი. ამერიკელი ჯარისკაცები არ შეიძლება იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ისეთ ომში, რომელშიც ბრძოლისთვისაც ავღანელი სამხედროები მზად არ არიან,“- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

თეთრ სახლში გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან გამოვიდნენ, დონალდ ტრამპსა და თალიბანს შორის პიდაპირი მოლაპარაკებების დროს იყო გაფორმებული და მას ეს შეთანხმება „მემკვიდრეობით“ ერგო.

მე არ შევეცდები ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას, რომ ავღანეთში გატარებული კიდევ ცოტა დრო ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის.
ჯო ბაიდენი


„როდესაც მე დავიკავე თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი, მემკვიდრეობით გადმომეცა გარიგება, რომელიც თალიბანთან პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგი იყო. ამ შეთანხმებით, ამერიკული ძალები ავღანეთიდან უნდა გამოსულიყვნენ 2021 წლის 1 მაისამდე. სამ თვეში მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტის ფიცი დავდე. მე, როგორც ამერიკის პრეზიდენტს ორი გზა მქონდა, - ერთი, შემესრულებინა დადებული შეთანხმება ან უნდა დაგვეწყო ახალი ბრძოლა თალიბანთან,“- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს. ეს იყო ცივი რეალობა, უნდა შეგვესრულებინა შეთანხმება ან მოხდებოდა კონფლიქტის ესკალაცია და ომი გაგრძელდებოდა მესამე ათწლეულში, ამბობს პრეზიდენტი.

ავღანეთში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში გართულდა. განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქზე კონტროლი აიღო. მანამდე ქაბული ქვეყნის პრეზიდენტმა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა. ამ დროისთვის დედაქალაქშიც და ქვეყანაშიც, ვითარებას თალიბანი აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG