ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მთავრობა მილსადენზე თავდასხმაზე რეაგირების პირობას დებს


შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი უძღვება მთავრობის საპასუხო ღონისძიებებს კიბერ-თავდასხმაზე, რომელმაც გასულ კვირაში ქვეყნის უდიდესი საწვავის მილსადენის გაჩერება და ბენზინის ნაკლებობა გამოიწვია.

სენატის ფინანსების კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში დეპარტამენტის მდივანმა ალეჰანდრო მეიორკასმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რიგი საგანგებო უფლებამოსილებების გამოყენების საკითხს განიხილავს, რათა უზრუნველყოს, რომ ბენზინის გადამზიდი გემები მივიდნენ იმ რეგიონებში, რომლებზეც მილსადენის გაჩერებამ უარყოფითად იმოქმედა.

მეიორკასმა თქვა, რომ პრეზიდენტის მითითებით მთელი მთავრობა მუშაობს, რათა რეაგირება მოხდეს კიბერ-საფრთხეზე, რომელმაც მილსადენის სისტემა დააზარალა. თავდასხმა კიბერ-კრიმინალურმა ბანდამ მოახდინა, რომელიც სახელ “დარქსაიდ”-ით არის ცნობილი.

კიბერ-უსაფრთხოების ფირმა “ფაიერ აი”-ს თანახმად, “დარქსაიდი” პირველად გასულ აგვისტოში გამოჩნდა და მას შემდეგ, მისმა შემქმნელებმა და მათთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა 15-ზე მეტ ქვეყანაში გლობალური კიბერ-კრიმინალური საქმიანობა დაიწყეს. ორშაბათს ენ ნოიბერგერმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის მოადგილემ კიბერ და ახალი ტექნოლოგიების დარგში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამ ჯგუფს სულ მცირე ოქტომბრიდან აკვირდებოდა. ნოიბერგერმა თქვა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები იკვლევენ ეს ბანდა რუსეთის მთავრობასთან ან სხვა სახელმწიფოსთან თუ არის დაკავშირებული.

გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ კიბერ-კრიმინალებისთვის გამოსასყიდის გადახდას არ ურჩევს, მილსადენის ადმინისტრაციას კი არ უთქვამს გამოსასყიდი გადაიხადა თუ არა.

აპრილში იუსტიციის დეპარტამენტმა გამოსასყიდის მისაღებ კომპიუტერულ პროგრამებთან მებრძოლი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ფართო ძალისხმევის ნაწილია. ეს სამუშაო ჯგუფი გამოსასყიდის მიღების მიზნით კიბერ-თავდასხმების გამოვლენის და გაუვნებელყოფისთვის მთავრობის ქმედებების კოორდინაციას ახდენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG