ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები ჯარების ნაწილის ბაზებზე დაბრუნების ბრძანებას გასცემს


ხუთშაბათს, მოსკოვის თავდაცვის მინისტრმა ყირიმში გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, სამხედრო დანაყოფების ბაზებზე დაბრუნების ბრძანება გასცა. ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა ეს მთლიან სამხედრო კონტიგენტს, რომელიც რუსეთს ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე ჰყავს მობილიზებული.

ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთს 100 000 ჯარისკაცი ჰყავდა განთავსებული. სამხედრო წვრთნები ყირიმში მოიცავდა ათობით სამხედრო გემს, ასობით სამხედრო თვითმფრინავს და ათასობით ჯარისკაცს.

„მე ვთვლი რომ მოულოდნელმა მზაობის შემოწმებამ, მიზანს მიაღწია“, - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. შოიგუს განცხადებით, ჯარები ბაზებს 1 მაისისთვის უნდა დაუბრუნდნენ. თუმცა, მძიმე ტექნიკა ადგილზე დარჩება, მისი თქმით სამომავლო წლის ბოლოს დაგეგმილი წვრთნებისთვის.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზება დაიწყო, დასავლეთში მოსკოვს მოუწოდებდნენ, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან თავშეკავებისკენ და ჯარების გაყვანისკენ.

ამერიკა და ნატო აცხადებდნენ, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინასთან ახლოს 2014 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში სამხედრო მანევრები 60 სამხედრო გემს, 10 000 ჯარისკაცს, 200 საჰაერო დანაყოფს და 1 200 სამხედრო ჯავშან-ტექნიკას მოიცავდა.

შოიგუ ყირიმში ოპუკის პოლიგონს ეწვია, სადაც ის სამხედრო წვრთნებს ადევნებდა თვალს. მან წვრთნები დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა მოუწოდა სამხედროებს, რომ დარჩნენ მზად, მოვლენების „მტრულად განვითარების“ შემთხვეევაში, 2021 წელს დაგეგმილი ნატოს სამხედრო წვრთნების დროს.

გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ფლოტისთვის, შავი ზღვის აუზს ყირიმთან ახლოს ნოემბრამდე კეტავს. ამ ნაბიჯს უკრაინის პროტესტი და დასავლეთის შეშფოთება მოჰყვა.

სამშაბათს, უკრაინის საგარეო მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთი აგრძელებდა ჯარის მობილიზებას და კვირის ბოლომდე, რუსეთის ჯარების რაოდენობა 120,000 ჯარისკაცს მიაღწევდა. მან დასავლეთს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

მოსკოვი უარყოფდა უკრაინის და დასავლეთის შეშფოთებას და აცხადებდა, რომ მას აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე ჯარის გადაყვანისა და განთავსების. თუმცა პარალელურად, მოსკოვი აფრთხილებდა უკრაინას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში „პროვოკაციული“ ქმედებების წინააღმდეგ და ამბობდა, რომ ჩაერეოდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად, თუ კიევი მის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებდა.

ამ დრომდე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა 14,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG