ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე - ამერიკელი კონგრესმენები


კონგრესმენები, გრეგორი მიქსი და მაიკლ მაკკოლი მოითხოვენ, ალექსეი ნავალნის სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის მაღალი რანგის წევრმა, პატიმრობაში მყოფი რუსული ოპოზიციის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ალექსეი ნავალნი ციხეშია იმის გამო, რომ გაბედულად ავლენს ვლადიმირ პუტინის კორუფციას, ეჭვქვეშ აყენებს პუტინის ავტორიტარულ მმართველობას და ცდილობს რუსეთის კონსტიტუციით მინიჭებული დემოკრატიული უფლებების გამოყენებას.

პუტინისთვის, რომელიც ხელისუფლებას კორუფციისა და განსხვავებული აზრის დაუნდობელი ჩახშობის გზით ინარჩუნებს, ნავალნის ქმედებები ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თავისუფალი სამყარო გვერდზე არ უნდა გადგეს. ჩვენ ერთხმად მოვითხოვთ, ნავალნიმ სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს და პირობას ვდებთ, რომ პუტინი იქნება პასუხისმგებელი ნავალნის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ვიდრე ის უკანონო პატიმრობაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ექიმთა ჯგუფი, რომლებიც ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან, ციხეში კვლავ არ შეუშვეს. ციხის ადმინისტრაცია მათ არ აძლევს საშუალებას, ოპოზიციის ლიდერის ჯანმრთელობა გამოიკვლიონ. სამკვირიანი შიმშილობის ფონზე კი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ანასტასია ვასილიევა, ნავალნის პირადი ექიმი და „ექიმთა ალიანსის კავშირის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, პაციენტის მონახულების საშუალება კვლავ არ მისცეს.

XS
SM
MD
LG