ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერის" 3-ე დოზა აცრიდან 6-12 თვეში იქნება საჭირო, აცხადებს კომპანია


"მეცნიერება გაიმარჯვებს" - წარწერა "ფაიზერის" მთავარ ოფისთან ნიუ-იორკში
"მეცნიერება გაიმარჯვებს" - წარწერა "ფაიზერის" მთავარ ოფისთან ნიუ-იორკში

კოვიდ-19-ის ვაქცინა გრიპზე ვაქცინასავით შესაძლოა ყოველწლიურ აცრად დამკვიდრდეს - ამბობს ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი "ფაიზერი". მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა, ოთხშაბათს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელის, "სი-ვი-ესის" წარმომადგენლებს ესაუბრა. ბურლა "ფაიზერის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და უფროსი სამეცნიერო ოფიცერია.

"კოვიდის ვირუსი უფრო გრიპის ვირუსს ჰგავს, ვიდრე პოლიომიელიტისას" - თქვა მან. შესაბამისად, კორონავირუსზე ვაქცინაცია პოლიომიელიტივით ბავშვობაში გაკეთებული ერთჯერადი აცრით ვერ შემოიფარგლება, აღნიშნავს "ფაიზერის" ხელმძღვანელი.

ბურლას თქმით, კვლევა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ დიდი ალბათობით, "მოსალოდნელი სცენარი" სწორედ ასე გამოიყურება. წელს საჭირო იქნება ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირებაც და ეს მეორე აცრიდან "დაახლოებით 6-დან 12 თვემდე დროის ინტერვალში უნდა მოხდეს, ამის შემდეგ კი ყოველწლიურ რე-ვაქცინაციად იქცევა" - ამბობს ის.

დაახლოებით იგივე გზავნილი ჰქონდა თეთრი სახლის კოვიდზე რეაგირების გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ექიმ დავით კესლერს. ის ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატაში გამართული ერთ-ერთი ქვეკომიტეტის სხდომის წინაშე წარსდგა. კესლერმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ამერიკამ უნდა დაიწყოს სამზადისი მოსახლეობის მესამე დოზით აცრისთვის.

ექიმი კესლერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ სწავლობს ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმში "ანტისხეულების პასუხის სიმტკიცეს". თუმცა, "ვფიქრობ, რომ შესაძლოა მესამე დოზა დაგვჭირდეს" - აღნიშნავს თეთრი სახლის კოვიდზე რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელი სამეცნიერო მიმართულებით.

შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 30%-მდე კოვიდ-19-ის ვაქცინით უკვე სრულად იმუნიზირებულია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის უახლესი მონაცემებით, ზრდასრულ ამერიკელთა თითქმის ნახევარმა, 48%-მა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. დაავადებისადმი ყველაზე მგრძნობიარე, ხანდაზმული მოსახლეობის 80% ერთი დოზითაა აცრილი, 64% კი - სრულად.

ცენტრი ასევე იუწყება, რომ თითქმის ორ მილიონ აცრილ ამერიკელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 800 შემთხვევა აღირიცხა. მთლიანად ქვეყანაში ადმინისტრირებულია ვაქცინის 198 317 040 დოზა.

ამის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ "ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, დამტკიცებულად ეფექტურია დაავადების მწვავე ფორმის, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის წინააღმდეგ". ინფიცირების იშვიათ შემთხვევებს ადგილი მომავალში მაინც იქნება და ეს ნიშნავს იმას, რომ "ვაქცინა მუშაობს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო" - აცხადებს ცენტრი.

რაც შეეხება "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინას, ის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ შეჩერებულია. ამერიკის ჯანდაცვის სააგენტოები სავარაუდო გვერდითი მოვლენების შემთხვევებს დეტალურად შეისწავლიან და ახალი მონაცემების შემოსვლას ელოდებიან. ფედერალურმა სააგენტოებმა შტატებს ვაქცინის გამოყენების შეჩერება ოთხშაბათს კიდევ 2 კვირით სთხოვეს. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტები აპრილის ბოლომდე მიიღებენ.

შეერთებულ შტატებში "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის 7 მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. ჯანდაცვის სპეციალისტები ამ ეტაპზე 6 შემთხვევას და მათ იმუნიზაციასთან შესაძლო კავშირს სწავლობენ, როცა აცრილებში თრომბის იშვიათი ფორმა განვითარდა. 6 ქალიდან ერთი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ექვსივე ინციდენტი 18-დან 48 წლამდე ქალებში დაფიქსირდა, აცრიდან 6-13 დღეში.

სტატისტიკურად, ეს ნიშნავს, რომ თრომბი მილიონში ერთზე ნაკლებ შემთხვევაში განვითარდა. მაგრამ, ახალი მონაცემების შემოსვლასთან ერთად, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტების სიხშირე შეიძლება მცირედით გაიზარდოს.

ამერიკაში მომხდარი ძალიან ჰგავს ევროპაში "ასტრა-ზენეკას" და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინით აცრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ევროპის ქვეყნებში. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ და ბრიტანეთმა უკვე შეცვალეს "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინით ადმინისტრირების წესი და მასზე ასაკობრივი ლიმიტები დააწესეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ორივე ვაქცინა ერთი ტექნოლოგიით არის დამზადებული, რაც კარდინალურად განსხვავდება "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინისგან. აღსანიშნავია, რომ რუსული ვაქცინა "სპუტნიკ-ვიც" იმავე ტექნოლოგიითაა დამზადებული, როგორითაც "ჯონსონი და ჯონსონი", თუ "ასტრაზენეკა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG