ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამოყენების გეგმას არ ცვლის


მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ჯონსონი და ჯონსონის“ კოვიდ-19-ის ვაქცინის მოხმარება ამერიკამ დროებით შეაჩერა, საფრანგეთში აცხადებენ, რომ ვაქცინას მოსახლეობას გეგმის მიხედვით გაუკეთებენ. მთავრობის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 200,000 დოზა.

„დოზები, რომლებიც კვირის დასაწყისში მივიღეთ, ახლა საავადმყოფოებსა და აფთიაქებს ურიგდებათ“,- განაცხადა გაბრიელ ატალმა, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

გეგმის მიხედვით, თვის ბოლომდე, საფრანგეთმა ჯონსონის ვაქცინის 600,000 დოზა უნდა მიიღოს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით დაიწყო, ამიტომ ოფიციალური პირები ცდილობენ, რომ მოსახლეობის აცრა, რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ. მთავრობის გეგმის მიხედვით, ივნისის შუა რიცხვებისთვის, ქვეყანაში 30 მილიონ ადამიანს ვაქცინის ერთი დოზა მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის სააგენტოებმა სამშაბათს შტატების ჯანდაცვას ურჩიეს დროებით შეაჩერონ "ჯონსონი და ჯონსონის" მიერ წარმოებული ერთდოზიანი კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენება. მიზეზი 6 პაციენტში იშვიათი ფორმის თრომბის გამოწვევა იყო. დამატებით 2 პაციენტზე ინფორმაცია ზუსტდება. მეცნიერებმა ახლა უნდა დაადგინონ ჰქონდა თუ არა კავშირი თრომბების გამოწვევასა და ვაქცინას ერთმანეთთან. აღნიშნული ვაქცინით 7 მილიონამდე ამერიკელია აცრილი.

საფრანგეთისგან განსხავავებით, ესპანეთისა და ჰოლანდიის მთავრობები, აპირებენ, რომ ჯონსონის ვაქცინა დაასაწყობონ და კვლევის შედეგებს დაელოდონ. ესპანეთს ჯონსონის ვაქცინის 300,000, ხოლო ნიდერლანდებს 79,200 დოზა აქვს მიღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG