ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილი ღარიბაშვილის ჩანაწერები - ყველაფერი რაც ამ ამბავზე უნდა იცოდეთ


"ტვ პირველის" მიერ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებიდან, რომელიც შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მესამე დღეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ბერა ივანიშვილი დუმან. დუმს საქართველოს გენერალური პროკურატურაც რომელსაც, აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

მთავარი საგამოძიებო ორგანო ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც იმ წერილს რომელიც, დღეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა პროკურატურაში შეიტანეს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება 6 მარტს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.

„დღეს ჩვენ, „ლელოს წევრები“ და იურისტები მოვედით აქ, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ, როგორც იურისტები, ვამბობთ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, - ამბობს კახა კოჟოიძე რომელიც პარტია „ლელოს“ წარმოადგენს.

პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების მოთხოვნას „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყება სისულელეა.

"რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს? რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება, როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი?"- ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი მიიჩნევს, რომ დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება ამას პროკურატურა გადაწყვეტს. დეპუტატ გია ვოლსკის არ სჯერა, რომ ბერა ივანიშვილის გინების გამო შესაძლოა ვინმე დასჯილიყო. სწორედ ამის გამო აცხადებს, რომ პროკურატურამ "TV პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

არასამთავრობო ორაგანიზაციების პოზიცია:

15 არასამთავრობო ორგანიზაცია "TV პირველის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერის გამო მასში მონაწილე ერთ-ერთი პირისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან განმარტებებს მოითხოვს. ღარიბაშვილი ამ საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

"ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნას შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი 15 ორგანიზაცია გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს მოითხოვს.

"მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად, “წერია განცხადებაში რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

ქართული ოცნების პოზიცია:

აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პარტია „ქართულ ოცნებაში“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეული პრემიერია, ხოლო ბერა ივანიშვილი ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი.

"ეს პარტია (ნაციონალური მოძრაობა) ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება "კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს", - წერს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განცხადებას წინ უძღვოდა პარტია „ქართული ოცნების“ სახელით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული განცხადება სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩანაწერი რომელიც გავრცელდა ფაბრიკაციაა. "გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე [2010-2011 წლებში]) "კუდის" მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს“

რას ამბობს ოპოზიცია:

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს, აქვე 20 მარტს დიდი საპროტესტო გამოსვლისთვის ემზადებიან. თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია და არ აპირებს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ჩაშლის საშუალება მისცეს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დიალოგის გაგრძელებას არ გეგმავენ, და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ მათთან დიალოგზე ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი მივიდეს.

„ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ღარიბაშვილი, აქამდე ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით მოხდეს მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შექმნა“, ამბობს საბა ბუაძე, რომელიც „ლელოს“ წარმოადგენს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასგანცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს.

აუდიო ჩანაწერები:

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ.

სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო". ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის.

სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG