ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კრიზისის 5 თვე - საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე


საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკვე მეხუთე თვეა პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, მეტიც, მანდატების გაუქმებას ითხოვს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი არ იზიარებს.

რადიკალიზებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ამ დრომდე შეჩერებულია ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებიც. პარალელურად კი ქვეყანა ახალი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგება.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ნიკა მელიას შესაძლოა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილება პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუწყვიტოს, ისე როგორც ეს მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც 20 ივნისის საქმე და წაყენებული ბრალია, ახალი გარემოებით.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს სდებს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე. კერძოდ საგამოძიებო ორგანო ამბობს, რომ მელია ჯგუფურ ძალადობას ხელმძღვანელობდა და მასში თავადაც მონაწილეობდა.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

პროკურატურის არაერთი განცხადების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს მეტიც, ნიკა მელია ამბობს: "ვერ დამიჭერთ". დამატებით დეტალებზე მელია არ საუბრობს, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრის დროს ის განმარტავს, რომ პროკურატურის მოთხოვნა უკანონოა.

ნიკა მელიასთვის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტის წევრის სტატუსის მოხსნას საქართველოს პარლამენტი 16 თებერვალს გეგმავს. მმართველი ძალა "ქართული ოცნება", რომელიც პარლამენტის უმრავლესობას აკონტროლებს, ამბობს, რომ ისინი მელიას პარლამენტის წევრის სტატუსის მოხსნას, მხარს დაუჭერენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, „რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“.

რას აპირებს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მომდევნო დღეების განმავლობაში, უცნობია.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია 25 თებერვალს საპროტესტო აქციას აანონსებს. ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით თარიღი სიმბოლურად შეარჩიეს.

"რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, - ამბობს ბოკერია. აქვე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ აქციები შემდეგ დღეებში რეგიონებში გაგრძელდება.

ბოკერიას განცხადებით, 31 მარტს თბილისში ცენტრალური აქცია გაიმართება სადაც აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ უკანონობას გააპროტესტებენ.

პარალელურ რეჟიმში "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მისი მხარდამჭერები, პანდემია კოვიდ19-ის დროს დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და არსებულ წესებს არღვევენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG