ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის ახალი ვარიანტები- რა ემუქრება მსოფლიოს


2020 წლის დეკემბერში, ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე SARS-COV 2-ის პირველი ვერსია. მსოფლიო ისე შეაშინა ამ ახალმა ამბავმა, რომ რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთიდან წამოსული ადამიანებისთვის საზღვრები ჩაკეტა. რამდენიმედღიანმა აკრძალვამ, ქვეყანას ეკონომიკური ზიანიც მიაყენა. ევროპა მალევე მიხვდა, რომ საზღვრების ჩაკეტვა გამოსავალი არ იყო. მსოფლიოში კოვიდ 19-ის კიდევ რამდენიმე სხვა ვარიანტიც დაფიქსირდა.

როდესაც სამხრეთ კაროლინაში [ვირუსის] ახალი ვარიანტი აღმოვაჩინეთ, მინიმუმ 15 კონტაქტი ვიპოვეთ, რომელთა უმეტესობასაც პირბადე არ ეკეთა, ან იშვიათად იკეთებდა“

დეკემბერშივე, კორონავირუსის კიდევ ერთი, ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაშიც დააფიქსირეს. მეცნიერებმა ბრაზილიაში დაფიქსირებული ვირუსის ახალ ვარიანტსაც მიაკვლიეს. გაჩნდა კითხვები- რას ნიშნავს ახალი ვარიანტების გავრცელება? არის თუ არა ეს საშიში? არიან თუ არა ისინი უფრო მომაკვდინებელი?

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ახლადდანიშნული დირექტორი, როშელ ვალენსკი ამბობს, რომ „ახალი ვარიანტების გამოჩენა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და რეალურ დროში დაკვირვებას საჭიროებს“. მისივე თქმით, ახალი ვარიანტები, ბევრად უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის პირველი ვერსია. თუმცა, ძნელია იმის თქმა, არის, თუ არა ის უფრო მომაკვდინებელი, ან იწვევს, თუ არა ის უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს.

„შედარებით მცირე ზომის 4 კვლევა ბრიტანეთიდან უშვებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო მომაკვიდენებელია, თუმცა მე მგონია, რომ მეტი მონაცემი გვჭირდება“, ამბობს ვალენსკი.

დირექტორის თქმით, „ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, კვირაში, ვირუსის 750 ნიმუშს აკვირდება და შეისწავლის. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა კერძო ლაბორატორიებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობენ. ისინი ათასობით სხვადასხვა ნიმუშს აკვირდებიან და ინფორმაციას „ამერიკის დაავადებათა კონტროლის“ ცენტრს აწვდიან, რათა იცოდნენ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და როგორ ვითარდება ვირუსი. ამის ცოდნა უმნიშვნელოვანესია პანდემიასთან ბრძოლისთვის.

„ახლანდელ მსოფლიოში საზღვრები არ არსებობს. ვირუსს არ ადარდებს რა ეროვნების ვართ, ან სად ვცხოვრობთ. ჩვენს მეცნიერულ ცოდნას ერთად უნდა მოვუყაროთ თავი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ თანმიმდევრული მიდგომა გვაქვს და ყველას მივეცით საჭირო საშუალებები პანდემიის დასასრულებად“

იგივე სტრატეგია აქვს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც“. მარია ვან კერჰოფი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ჯანმო რამდენიმე გზით მუშაობს ვირუსის ახალ ვარიანტებთან მიმართებაში. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი, სწორედ, ვირუსზე დაკვირვებაა. ისინი სხვადასხვა მიმართულებით იკვლევენ ვირუსის მუტაციის პროცესს. აკვირდებიან ეპიდიმიოლოგიურ, მოლეკულურ დონეზე, აკეთებენ ტესტებს ანტიგენებზე და აწარმოებენ გენომურ დაკვირვებას ვირუსზე.

გარდა ამისა, ჯანმოს „ვირუსის ევოლუციაზე მომუშავე გუნდი“ სხვადასხვა კვლევებს შეისწავლის და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ლაბორატორიებთან, რათა დაადგინონ რა განსხვავებაა ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებს შორის გადადების ტემპის, სიკვდილიანობისა და ვაქცინისადმი გამძლეობის მიხედვით.

სამშაბათის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ახალ ვარიანტებს შორის, ყველაზე გავრცელებული დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვერსიაა. ჯანმოს ინფორმაციით, ის უკვე 82 ქვეყანაშია დაფიქსირებული. შემდეგ მოდის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვარიანტი, რომელიც 39 ქვეყანაში დაფიქსირდა და ბოლოს, ბრაზილიაში აღმოჩენილი ვერსია, რომელიც ამ დროისთვის 9 ქვეყანაშია გავრცელებული.

„ეს ვირუსი ვითარდება, მაგრამ ეს ისაა, რაც ვირუსს ემართება ხოლმე, ვირუსის ბუნებრივი ევოლუციაა ის, რომ მუტაცია განიცადოს, შეიცვალოს“, ამბობს მარია ვან კერჰოფი. მისი თქმით, ჯანმოს მთავარი მისიაა შეაჩეროს ვირუსის გავრცელება და პარალელურად, დააკვირდეს მას, შეაგროვოს საკმარისი მონაცემები და სტატისტიკა იმისთვის, რომ მომავალი პანდემიებისთვის მსოფლიო მზად იყოს.

ვაქცინაცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც კოვიდის ახალი ვარიანტები გამოჩნდა. ამიტომ გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით მოერევა თუ არა ვაქცინა ვირუსის ახალ, უფრო მარტივად გადამდებ ვერსიებს.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ დირექტორი ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინა, შესაძლოა არ იყოს ისეთი ეფექტური ახალი ვერსიების შემთხვევაში, როგორც ძველ ვერსიასთან მიმართებაში. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ვაქცინების მწარმოებლები ამბობენ, რომ მათი პროდუქტი ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართაც ეფექტური იქნება.

„ეს ვირუსი ვითარდება, მაგრამ ეს ისაა, რაც ვირუსს ემართება ხოლმე, ვირუსის ბუნებრივი ევოლუციაა ის, რომ მუტაცია განიცადოს, შეიცვალოს“

იგივე აზრს იზიარებს ჯანმოს წარმომადეგნელიც. ის ამბობს, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვაქცინას არ ემუშაოს კორონავირუსის წინააღმდეგ. თუმცა, ასევე უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ მომავალში, ვირუსი, შეიძლება ისე განვითარდეს, რომ არსებულმა ვაქცინებმა მასზე აღარ იმოქმედონ. სწორედ იმისთვის, რომ „მზად იყვნენ სამომავლოდ“, ჯანმო კვლევებს მუდმივად ატარებს.

„ჩვენ ვაკვირდებით მუტაციებს და მუტაციების კომბინაციებს, რათა წინ გავიხედოთ, შევხედოთ სხვადასხვა ვარიანტებს და ვიფიქროთ იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს [ცვლილებები] ვაქცინისთვის“, ამბობ კერჰოფი.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლისა“ და ჯანმოს ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვაქცინა, უდიდესი დახმარებაა პანდემიასთან ბრძოლაში. თუმცა, ისინი ვირუსის გავრცელებისა და პანდემიის დასრულებაში სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც გამოყოფენ.

პირველი სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შემოღება და მათი დაცვაა. „ახალი ვარიანტების შესწავლის პარალელურად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იგივე SARS-COV2-ია. იგივე გადამდები, მომაკვდინებელი დაავადებაა და [ახალი ვერსიების შემთხვევაშიც] ისე უნდა მოვიქცეთ და იგივე საშუალებები გამოვიყენოთ“, ამბობს კერჰოფი.

როშელ ვალენსკი კი ამბობს, რომ პრობლემა ვირუსის როგორც ახალ, ისე ძველ ვარიანტებთან მიმართებაში ისაა, რომ მოსახლეობის ნაწილი რეკომენდაციებს არ იცავს. „როდესაც სამხრეთ კაროლინაში [ვირუსის] ახალი ვარიანტი აღმოვაჩინეთ, მინიმუმ 15 კონტაქტი ვიპოვეთ, რომელთა უმეტესობასაც პირბადე არ ეკეთა, ან იშვიათად იკეთებდა“, ყვება “ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ დირექტორი.

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ძველი და ახალი ვარიანტების, სულ 100,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ესმით, რომ მოსახლეობა დაიღალა, თუმცა ვირუსი არ დაღლილა და ის ჯერ კიდევ სრული ძალით არის წარმოდგენილი. მასთან საბრძოლველად კი მსოფლიოს ქვეყნების მეცნიერების ცოდნისა და პოლიტიკოსების ნების გაერთიანებაა საჭირო.

„ახლანდელ მსოფლიოში საზღვრები არ არსებობს. ვირუსს არ ადარდებს რა ეროვნების ვართ, ან სად ვცხოვრობთ. ჩვენს მეცნიერულ ცოდნას ერთად უნდა მოვუყაროთ თავი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ თანმიმდევრული მიდგომა გვაქვს და ყველას მივეცით საჭირო საშუალებები პანდემიის დასასრულებად“, ამბობს კერჰოფი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG