ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი კაპიტანი მური კოვიდ-19-ით გარდაიცვალა


კაპიტანი ტომ მური, რომელმაც ერთი წლის წინ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მური ბრიტანეთის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, რომელმაც 2020 წელს პანდემიასთან საბრძოლველად მილიონობით ბრიტანული ფუნტი მოიზიდა.

ქველმოქმედებით შეგროვებული თანხმა ჯანდაცვის მუშაკებს მოხმარდათ, ექიმებს, რომლებიც პანდემიის წინა ხაზზე იბრძოდნენ. მური 100 წლის იყო და ის კოვიდ19-ით გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსი მას 22 იანვარს დაუდასტურდა.

მკურნალობის მიუხედავად კაპიტნის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ტომ მურს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა ის პროსტატასაზე და კანის კიბოზე მკურნალობდა. ოჯახი ამბობს, რომ მურს ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რადგან წამლები რომელსაც ის იღებდა ვაქცინასთან შეუთავსებელი იყო.

მსოფლიომ ის მას შემდეგ გაიცნო, რაც მოულოდნელად მისმა ინიციატივამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მურს უბრალოდ სურდა ეროვნული ჯანდაცვის მუშაკებისთვის, მისთვის გაწეული სამსახურის გამო, მადლობა გადაეხადა. მან ერთგვარი გამოწვევა მოიფიქრა და თქვა, რომ ნაოპერაციევი ფეხით მისი ასი წლის იუბილემდე, ​თავის 25-მეტრიან სახლს 100-ჯერ შემოუვლიდა და თანხის შეგროვება დაიწყო.

მილიონების შეგროვებას, არმიის კაპიტანი ტომი არ ელოდა. თანხების მოზიდვის ონლაინ კამპანია, დაწყების დღიდან ძალიან პოპულარული გახდა. მასში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმაც კი მიიღო მონაწილეობა და მოგვიანებით, მოხალისეები სხვა ქვეყნებიდანაც ჩაერთნენ.

დედოფლის თანხმობით, ბრიტანეთის არმიამ კაპიტან მურს საპატიო პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. ტომს ასევე თავიდან გადასცეს მედალი სამხედრო სამსახურისთვის, რომელიც მას დაკარგული ჰქონდა.

ტომ მური გინესის წიგნშიც მოხვდა. მან მსოფლიო რეკორდი მოხსნა საქველმოქმედო აქციისთვის ინდივიდუალური სიარულით ყველაზე დიდი თანხის შეგროვებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG