ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ტრამპისგან თანამშრომლობაზე უარის თქმას, შესაძლოა ლეტალური შედეგები მოჰყვეს


ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ძალაუფლების გადაცემის გარდამავალ პერიოდში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უარს თანამშრომლობაზე, მიმდინარე პანდემიის გამო, შესაძლოა უფრო მეტად ლეტალური შედეგები მოჰყვეს. "ჩვენ თუ კოორდინაცია არ გვექნა, მეტი ადამიანი შეიძლება მოკვდეს" - განაცხადა ბაიდენმა ორშაბათს, დელავერის შტატის ქ. უილმინგტონში, ჟურნალისტის მიერ ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხად.

არჩეული პრეზიდენტი იმეორებს, რომ წინ ძალიან რთული ზამთარია. ის შეერთებული შტატების კონგრესსაც სთხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს ეკონომიკური სტიმულირების 3 ტრილიონი დოლარის დახმარების დამტკიცება. ბაიდენის თქმით, მისთვის "სრულიად წარმოუდგენელია ის აზრი, რომ პრეზიდენტი გოლფის თამაშს აგრძელებს და არაფერს აკეთებს". ამერიკელებს უმუშევრობის დახმარება ეწურებათ. დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი კრიტიკულ ზღვარზეა და სახლის გადასახადს ბანკს სადაცაა ვეღარ გადაუხდის - ამბობს ბაიდენი.

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის კომენტარები, ეკონომიკის საკითხებზე მისი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ბრიფინგს მოჰყვა. ამერიკის მომავალმა ლიდერებმა პანდემიის ფონზე ეკონომიკის დარგებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, რომლებიც პანდემიის გამო რთულ ვითარებაში არიან.

ორშაბათს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იყო და საჯარო გამოსვლები არ ჰქონია. დილით, როგორც ჩანს, ის საფონდო ბირჟაზე ფასებს აკვირდებოდა, რადგან "ტვიტერზე" სიხარულით აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის უკვე მეორე ვაქცინაც წარმატებული ჩანს და ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ბირჟაზე ფასებმა მოიმატა.

"გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს დიდი აღმოჩენები, რომელიც ჩინურ ჭირს დაასრულებს, ეს ყველაფერი ჩემი მმართველობის დროს მოხდა" - თქვა პრეზიდენტმა. ის "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინებს გულისხმობდა, რომლებიც კომპანიების ინფორმაციით, 90%-ზე მაღალ ეფექტურობას აჩვენებს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს "ტვიტერზე კვლავ დაწერა: "მე მოვიგე". თუმცა, მალევე "ასოშეითიდ პრესმა" სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: "არა, ბაიდენმა მოიგო არჩევნები". საინფორმაციო სააგენტომ ფაქტების გადამამოწმებელ მასალაში აღნიშნა, რომ ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რამდენიმე გადამწყვეტ შტატში მოიგო და ელექტორების 270-ზე მეტი ხმა მოიპოვა, რაც გამარჯვებისთვისაა აუცილებელი.

მაგრამ, ვაქცინაციის დაწყებას, ექსპერტების თქმით, ჯერ შეიძლება თვეები დასჭირდეს. დღეისთვის შეერთებულ შტატებში, არამარტო ინფიცირების, არამედ ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკა 11.1 მილიონი დადასტურებულად ინფიცირებულით და 246 000-ზე მეტი გარდაცვლილით, კვლავ მსოფლიოს ლიდერად რჩება.

გაზაფხულის ბოლოს, მთელ რიგ შტატებში პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის მოხსნის შემდეგ, ამერიკის ეკონომიკის ამუშავებამ მილიონობით სამუშაო ადგილი დააბრუნა. უმუშევრობის მაჩვენებელი აპრილში 14.7% იყო, ოქტომბერში კი 6.9%-მდე შემცირდა. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის მესამე წელს, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, უმუშევრობა მხოლოდ 3.5%-ს შეადგენდა.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG