ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაფერი, რაც ახლა კორონავირუსის შესახებ უნდა იცოდეთ


მსოფლიოში, კოვიდ-19-ით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ინფიცირების გლობალური მაჩვენებელი 53 მილიონს, გარდაცვალების შემთხვევები 1 312 339-ს აღწევს. ორივე მაჩვენებლით, კვლავ აშშ-ლიდერობს. ინფიცირების შემთხვევებით, აშშ-ს ინდოეთი, გარდაცვალების მაჩვენებლით კი ბრაზილია მოსდევს.

დელი გარდაცვალების მაჩვენებლის საკუთარ რეკორდს ხსნის

დელიში, ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა, ხუთშაბათს აქამდე აღწერილ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა. ამასთან, ინდოეთის მასშტაბით, ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა სწორედ დედაქალაქში, დელიში, გამოვლინდა. სპეციალისტების მოსაზრებით ამის მიზეზი, შესაძლოა ქალაქის მომწამვლელი ჰაერი და მასშტაბურ ფესტივალზე, სოციალური დისტანცირების უგულვებელყოფა იყოს.

მაშინ, როცა ინდოეთი სექტემბრის პიკის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების კლებას განიცდის, 20 მილიონიანი დედაქალაქი ახლა პანდემიის ყველაზე მძიმე ფაზას გადის.

რემდესივირი

"ანტივირუსული რემდესივირი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რუტინული მკურნალობისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული", - ამერიკული წამლის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მედიკამენტის შესახებ, ეს განცხადება მკურნალი ექიმების მსოფლიო გაერთიანებამ გააკეთა.

რემდესივირი და სტეროიდული დექსამეტაზონი, მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის ავტორიზებული მედიკამენტებია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტი ან საერთოდ არ აქვს, ან უმნიშვნელო აქვს. კვლევის ეს შედეგი, წამლის გამოცდის წინა შედეგებს ეწინააღმდეგება.

„რემდესივირი ახლა კლასიფიციირებულია, როგორც პრეპარატი, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთის რუტინულად არ უნდა გამოიყენებოდეს,“ - ამბობს სააგენტო „როიტერთან" საუბრისას, ინტენსიური მედიცინის ევროპული საზოგადოების პრეზიდენტი, ჯოსეფ კესეჩიოღლუ.

ჩინეთში, ვირუსი ბრაზილიური ხორცის შეფუთვაზე აღმოაჩინეს

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, რომელიც ახალი კორონავირუსის თავდაპირველი წარმოშობის ადგილად მიიჩნევა, აცხადებენ, რომ ბრაზილიური საქონლის ხორცის შეფუთვაზე ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს. ვუჰანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქმა გაყინული საკვების კონტროლი გააძლიერა. ჩინეთმა, იმპორტირებული საკვების შემოწმება ივნისიდან გაამკაცრა.

კონგრესმენი, რომელიც ვირუსის არსებობას უარყოფდა, დაინფიცირდა

ამერიკელი კონგრესმენი ალასკადან, ახალი კორონავირუსის არსებობას სერიოზულად არ აღიქვამდა და მას „ლუდის ვირუსს“ უწოდებდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„კოვიდ-19 დამიდასტურდა. თავს კარგად და ძლიერად ვგრძნობ, ვიცავ სათანადო პროტოკოლს, ვმუშაობ შინიდან, ალასკადან,“ - წერს 87 წლის რესპუბლიკელი ტვიტერზე.

ელონ მასკი კორონავირუსის ტესტებს ეჭვქვეშ აყენებს

„თესლას“ აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი კოვიდ-19-ის ტესტების სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს. ეს მას შემდეგ, რაც მისი თქმით, ტესტირება ოთხჯერ ჩაიტარა. მასკი ამბობს, რომ ორ შემთხვევაში მას ვირუსი დაუდასტურდა, ორ შემთხვევაში კი არა.

„რაღაც სიყალბესთან გვაქვს საქმე. ოთჯერ ჩავიტარე ტესტი კოვიდ-19-ზე. ორ შემთხვევაში პასუხი ნეგატიური იყო, ორი მათგანის შემთხვევაში კი პოზიტიური. ერთი და იგივე ტესტი, იგივე ექთანი, სწრაფი ანტიგენის ტესტი,“ - წერს მასკი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ტვიტერის მომხმარებელთა კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე სიმპტომი, მასკი აცხადებს, რომ მას გაციების ზოგადი სიმპტომები აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG