ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილადელფიაში პროტესტი მოჰყვა პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მიმართ ფატალურ გასროლას


ორშაბათს ღამით, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის გასროლით მოკვლას. პოლიციის განცხადებით, ის დანით იყო შეიარაღებული. აქციაზე შეტაკებებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ 28 წლის უოლტერ უოლესი, პოლიციას უახლოვდება, ოფიცრები უკან იხევენ და მას სთხოვდნენ დანა დადოს, უოლესი მათი მიმართულების სვლას აგრძელებს, რის შემდეგაც ისინი მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისვრიან.

უოლესი ერთ-ერთმა ოფიცერმა პოლიციის მანქანით გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საპროტესტო ტალღა რასობრივი უთანასწორობის საკითხებზე, შეერთებულ შტატებში მაისში, მინეაპოლისში, 46 წლის მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას გარდაცვალებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც პოლიციის ოფიცერი მას კისრის არეში მუხლით 8 წუთზე მეტხანს აწვებოდა.

აქციამ ფილადელფიაში ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ადგილი ჰქონდა შეტაკებებს აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. ოთხ ოფიცერს ფილადელფიის პოლიციის შენობასთან აგურები მოხვდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალაქის მერის, ჯიმ კენის განცხადებით, ინციდენტმა ბევრი კითხვა დაბადა და მას სრულყოფილად გამოიძიებენ.

მაისის შემდეგ, რასობრივ უთანასწორობის საკითხსა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციები, ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა.

ფილადელფიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG