ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის და ბაიდენის ბოლო საარჩევნო კვირა


რიგი საარჩევნო უბანზე ვისკონსინის შტატში, სადაც ნაადრევი კენჭისყრა მიმდინარეობს
რიგი საარჩევნო უბანზე ვისკონსინის შტატში, სადაც ნაადრევი კენჭისყრა მიმდინარეობს

რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი, არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო კვირაში საპრეზიდენტო კამპანიას აქტიურად გააგრძელებენ. პანდემიის კოვიდ-19 მზარდი მონაცემების მიუხედავად, ისინი შტატიდან შტატში მოგზაურობენ.

ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკას პანდემიის დამარცხებაში პროგრესი აქვს. ის საჯარო შეხვედრებში ნიღბის გარეშე მონაწილეობს. საარჩევნო კამპანიას აგრძელებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც, იმის მიუხედავად, რომ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს ტრამპი პენსილვანიაში იქნება, რომელიც ფლორიდასთან ერთად, ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად ითვლება. ის კვირის განმავლობაში ასევე ეწვევა ვისკონსინს, ნებრასკას, არიზონას და ნევადას. ბაიდენი სამშაბათს ჯორჯიაში ჩავა, შემდეგ კი გეზს ფლორიდისკენ აიღებს, სადაც მას ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდება.

ბაიდენის საარჩევნო კამპანია ფოკუსირებას სწორედ პანდემიის გამო ამერიკაში შექმნილ ვითარებაზე ახდენს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არასწორი მართვის გამო, ქვეყანაში 225 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, საჯარო შეხვედრებს ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების დაცვით მართავს.

3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებზე ამერიკელები ირჩევენ ახალ პრეზიდენტს, კანონმდებლებს, ადგილობრივ მმართველებს და ზოგან სარეფერენდუმო კითხვებზეც პასუხობენ. 59.1 მილიონზე მეტმა ამერიკელმა, ნაადრევ კენჭისყრაზე უკვე მისცა ხმა სასურველ კანდიდატს, ფოსტის საშუალებით, ან ფიზიკური გამოცხადებით.

ეროვნული მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ჯო ბაიდენის თითქმის 10-პროცენტიან უპირატესობას აჩვენებს. მაგრამ, გადამწყვეტ შტატებში კანდიდატთა რეიტინგებში სხვაობა ძალიან მცირეა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პანდემიის მიუხედავად, წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა გამოცხადდეს. ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში დღეისთვის 8.8 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილთა რიცხვი კი 230 ათასამდეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG