ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ კოვიდ-19-ის ვაქცინის ფასი განსაზღვრა


ამერიკის ხელისუფლებამ კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ფასის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრა. ამერიკულ კომპანიასთან "ფაიზერი" (PFE.N) და გერმანულ "ბიო-ენ-ტექთან" დადებული (22UAy.F) 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის თანახმად, ვაქცინა, დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 50 მილიონი ამერიკელისთვის იქნება ხელისაწვდომი და მისი ფასი საშუალოდ 40 $-ით განისაზღვრა. ეს თითქმის იგივე ფასია, რაც ყოველწლიური გრიპის ვაქცინა ღირს.

ფარმაცევტული ინდუსტრიის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს კომპანიები, წარმატებული ვაქცინის შემუშავების შემთხვევაში, სავარაუდოდ სხვა მწარმოებლებზეც მოახდენენ გავლენას იმისთვის, რომ ფასი მეტ-ნაკლებად მსგავსი იყოს. მანამდე, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მთავრობები აფორმებდნენ ხელშეკრულებებს ვაქცინის შემუშავების მხარდასაჭერად და კონკრეტული რაოდენობის დოზების შეძენის გარანტიებით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამა თუ იმ მხარის მიერ ვაქცინის შესაძლო ღირებულება დასახელდა.


მთავრობის მიერ ხელმოწერილი სხვა შეთანხმებებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში Pfizer და BioNTech არანაირ მოგებას თუ საფასურს არ მიიღებენ მანამ, სანამ მათი ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ყველა საჭირო გამოცდას არ გაივლის. ფართომასშტაბიანი, უმნიშვნელოვანესი კლინიკური ცდები სავარაუდოდ ამ თვეშივე უნდა დაიწყოს.

"საშუალო ფასი გრიპის ყოველწლიური ვაქცინისთვისაც სწორედ 40 $-ია", - ამბობს პიტერ პიტსი, ორგანიზაციის "პაბლიკ ინტერესტი" მედიცინის ცენტრის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი. "ეს შედარებით კარგი ფასი ჩანს და ის სავსებით გონივრულობის ფარგლებშია".

ამ ეტაპისთვის, ძირითადი ექსპერიმენტული ვაქცინების შედეგები უსაფრთხოებისა თუ ეფექტურობის თვალსაზრისით, თითქმის მსგავს შედეგებს აჩვენებს. ეს კი ქმნის მოლოდინს, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული მწარმოებელი ვერ შეძლებს სხვებთან შედარებით დრამატულად მაღალი ფასის დაწესებას, - ამბობს "მიზუჰოს" ბიოტექნოლოგიების ანალიტიკოსი ვამილ დივანი.

ორი კომპანიისგან, რომლებთანაც ამერიკამ ხელშეკრულება გააფორმა, მთავრობა 100 მილიონი დოზის შეძენის ვალდებულებას იღებს. ვაქცინების ფასი კი სწორედ 39 $ იქნება - სავარაუდოდ ის ორ დოზას შეიცავს - და თითოეულის ფასი 19.50 $ იქნება.

ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე მყოფი ეკონომიკების აღსადგენად სწორედ ეფექტური ვაქცინის შემუშავებაა აუცილებელი. ამასთან, ეს ვაქცინა მილიარდობით ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ფარმაცევტული კომპანიები ძლიერი საერთაშორისო წნეხის ქვეშ არიან, რათა მათ გლობალური ჯანდაცვის კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი მოგების მიღება არ სცადონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG