ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსის შიში, ხალხის მცირე რაოდენობა და წინასაარჩევნო დაპირებები - რა ხდებოდა ტრამპის სიტყვით გამოსვლისას ტულსაში


კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, შაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი წინაასარჩევნო ტური გამართა ტულსაში, ოკლაჰომას შტატში.

ეს ჩაფიქრებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალის ჩვენებისა და ამომრჩევლის გამხნევების, ახალი ენერგიის წარმოსაჩენი ღონისძიება. თუმცა, ტულსაში ტრამპის პირველ კამპანიას გაცილებით ნაკლები დამსწრე ჰყავდა, ვიდრე მოელოდნენ.

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას საკუთარ მხარდამჭრებს „მებრძოლები“ უწოდა და უკვე ნაცნობ წინასარჩევნო თემებზე ისაუბრა. მაგალითად, მეტი კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლეების დანიშვნაზე, დაბალ გადასახადებზე, გაძლიერებულ საფონდო ბირჟაზე, სასაზღვრო კედელზე მექსიკასთან და სამხედრო სექტორისთვის გაზრდილ ბიუჯეტზე.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. გამოსვლის დროს ტრამპი ხშირად ესხმოდა თავს თავის დემოკრატ მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენს და მას „რადიკალ მემარცხენესა“ და „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებოდა.

ტრამპი კორონავირუსის თემასაც შეეხო. მან დაიცვა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ქვეყანაში ვირუსის ასეთი მაღალი მონაცემები ხშირი ტესტირების ბრალია. ამერიკაში ახლა 2,2 მილიონზე მეტი დაინფიცირებულია, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 119,000-ზე მეტი ადამიანი.

„როდესაც ასე ინტენსიურად ატარებენ ტესტირებას, მეტ ადამიანს, მეტ შემთხვევას იპოვი. ასე რომ, ჩემს ხალხს ვთხოვე, რომ შეენელებინათ ტესტირება“, თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ მისმა ადმინისტრაციამ „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“.

დონალდ ტრამპი ტულსაში, სიტყვით გამოსვლის დროს
დონალდ ტრამპი ტულსაში, სიტყვით გამოსვლის დროს

თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით სცადა აეხსნა რას ნიშნავდა პრეზიდენტის სიტყვები. „ის, ცდილობდა მედიის აბსურდულ გაშუქებას გამოხმაურებოდა. ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ ტეტსირებით და ვამაყობთ, რომ 25 მილონზე მეტი ტესტი ჩავატარეთ“, თქვა მან.

მაშინ, როდესაც ტრამპი კორონავირუსზე საუბრის დროს ხშირად იყენებს ტერმინს „ჩინური ვირუსი“, შაბათს, მან ვირუსს „კუნგ-გრიპი“ უწოდა და პეკინი დაადანაშაულა პანდემიაში.

სიტყვით გამოსვლაში, რომელიც ძირითადად, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე იყო ფოკუსირებული, ტრამპმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრის ალ-ბაღდადის და ირანელის გენერლის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილზეც ისაუბრა.

გამოსვლაში მან ჩინეთი, მინიმუმ 11-ჯერ ახსენა და ძირითადად, ქვეყანას პანდემიასა და სავაჭრო ომში ადანაშაულებდა. ასევე, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს „ჩინეთის მარიონეტი“ უწოდა.

პრეზიდენტმა დამამცირებელ კონტექსტში ისაუბრა მოძრაობაზე „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" და მედიის მხირდან ამ პროტესტების გაშუქებაზე.

“ისინი არასდროს საუბრობენ კოვიდზე“, თქვა ტრამპმა. „ უყურებ 25,000 ადამიანს, რომლებიც მეხუთე ქუჩაზე მოდიან, დემოკრატების მიერ მართვად ქალაქში და ვერასდროს გაიგებთ ვერაფერს იმაზე, რომ ისინი ნიღბებს არ ატარებენ“, თქვა პრეზიდენტმა.

ანტი-რასისტული გამოსვლების შემდეგ, პროტესტის ტალღა კონფედერატების დროინდელი გენერლების ძეგლებსაც შეეხო. ტრამპმა ამაზეც გაამახვილა ყურადღება: „ეს ბოროტი, აკრძალვებისა და გამორიცხვის კამპანია ეწინააღმდეგება ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენ, როგორც ამერიკელებს გაგვაჩნია. მათ სურთ, რომ გაანადგურონ ჩვენი მემკვიდრეობა და შემოიღონ ახალი, სასტიკი რეჟიმი მის ადგილას“, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპის კამპანიის ორგანიზატორებმა ოკლაჰომაში, არენის გარეთ დაგეგმილი სიტყვით გამოსვლები გააუქმეს. მხარდამჭერებისთვის სიტყვით უნდა მიემართათ, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს. სიტყვით გამოსვლის მიზეზი კი ის იყო, რომ ღონისძიებაზე იმაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე ვინმე ელოდა.

სტივ ფილიპსმა, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატია ფერებშიას“ დამფუძნებელი და ამავე სახელობის პოდკასტის წამყვანია, ტრამპის სიტყვით გამოსვლაზე მისული ხალხის რაოდენობას „შემარცხვენლად ცოტა“ უწოდა.

კამპანიის წარმომადგენლებმა მედიასა და დემონსტრანტებს დააბრალეს ის, რომ ღონისძიებაზე ბევრი ხალხი არ მივიდა. „სამწუხაროდ, დემონტსტრანტებმა ხელი შეუშალეს მხარდამჭერებს და მეტალის დეტექტორებამდე მისასლველიც კი გადაკეტეს და ხალხს მოედანზე შემოსვლა აღარ შეეძლო. რადიკალმა მომიტინგეებმა, რომლებიც მედიის მხრიდან სასტიკ თავდახმასთანაც იყვნენ კავშირში, სცადეს, რომ პრეზიდენტის მომხრეები შეეშინებინათ“, ეწერა განცხადებაში, რომელიც ტრამპის კამპანიის სპიკერმა, ტიმ მარტაფმა გაავრცელა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები არ ადასტურებენ, რომ ხალხის დიდი ნაწილი მისული იყო და ისინი დემონტრანტებმა უკან გააბრუნეს.

„კოვიდ 19-მა, უეჭველად ითამაშა როლი ხალხის მცირე რაოდენობაში“, ამბობს ლარი საბატო, „პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან. თუმცა, საბატო ამბობს, რომ თუ ტრამპმა ვერ შეძლო, რომ გაევსო არენა მაყურებლით იქ, სადაც მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა აქამდე, „საინტერესოა როგორ აპირებს ის ე.წ მერყევი შტატების გადაბირებას, რომლებიც, შესაძლოა მის წინააღმდეგ წავიდნენ“.

მიუხედავად ყველაფრისა, ხალხი, ვინც ტრამპის სიტყვით გამოსვლაზე მივიდა, პრეზიდენტს ტაშით შეხვდა. პრეზიდენტი ენერგიულად იყო და ხელმეორედ გამარჯვებისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ და ანტი-რასისტულმა გამოსვლებმა მისი რეიტინგები დაწიეს.

კამპანიის დროს, არენაზე მისულ ადამიანებს სიცხეს უზომავდნენ და პირბადეებსა და ხელის გასაწმენდ საშუალებებს ურიგებდნენ. თუმცა, ტრამპის მომხრეების ნაწილმა პირბადეების ტარებაზე უარი თქვა და ისე უსმენდა ტრამპის გამოსვლას.


ოკლაჰომას უზენაესმა სასამართლომ, პარასკევს, არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ სტადიონზე შეკრებილი ხალხისთვის, სახის დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო ყოფილიყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა იურიდიულად უფლება მსგავსი რამ მოეთხოვა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის კამპანიის 6 მონაწილე, ვინც ღონისძიების დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას კორონავირუსითაა დაავადებული. კამპანიის სპიკერის თქმით, ისინი კარანტინის პროცედურებს მიჰყვებიან.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე, მისი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე ყველა ადამიანს, აუცილებლად უნდა შეევსო ონლაინ ფორმა, სადაც ეწერა, რომ ისინი საკუთარი ნებით მიდიოდნენ შეკრებაზე და საკუთარ თავზე იღებდნენ კორონავირუსის გადადების რისკებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG