ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესმა სასამართლომ "დაკას" ე.წ. მეოცნებეების დეპორტაცია შეაჩერა


ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაცია ვეღარ გააუქმებს შეერთებულ შტატებში ბავშვობაში ჩამოყვანილი უსაბუთო ახალგაზრდების დაცვის პროგრამას სახელწოდებით „დაკა“. ეს პროგრამა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, 2012 წელს შევიდა ძალაში, 700 000-მდეუსაბუთო მოზარდს და ახალგაზრდას ქვეყანაში ცხოვრების უფლებას აძლევს.

ეს ახალგაზრდები ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში მშობლებმა ჩამოიყვანეს. მათი დიდი ნაწილი ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა. შეერთებულ შტატებში არალეგალურად სულ 11 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან „დაკას“ პირობებს 1.8-მილიონამდე ადამიანი აკმაყოფილებს.

"დაკას" მონაწილე უზენაესი სასამართლოს წინ ზეიმობს დღევანდელ გადაწყვეტილებას
"დაკას" მონაწილე უზენაესი სასამართლოს წინ ზეიმობს დღევანდელ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პროგრამის გაუქმებას რამდენჯერმე შეეცადა. ამ ეტაპზე მის გაუქმებაზე უზენაესმა სასამართლომ უარყოფითი დადგენილება გამოიტანა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მინიმუმ, 650,000 ბავშვი გადაურჩება ამერიკიდან დეპორტაციას.

კონსერვატიული შეხედულებების მქონე მთავარი მოსამართლე ჯონ ჯი რობერტსი, დანარჩენ ოთხ ლიბერალ მოსამართლეს დაეთანხმა და გადაწყვეტილებამ ხუთი ხმა მოაგროვა ოთხის წინააღმდეგ. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განიხილება, როგორც პრეზიდენტ ტრამპის დამარცხება იმაში, რასაც ის ორი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ცდილობდა.

პროგრამა, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შექმნა, ამერიკაში „მეოცნებეთა აქტის“ სახელითაც არის ცნობილი. თავად პროგრამაში მონაწილეებს კი ხშირად „მეოცნებეებს“ უწოდებენ.

გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, მოსამართლე რობერტსმა დაადგინა, რომ ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მიჰყვა კანონით გათვალისიწინებულ პროცედურებს და კარგად არ აწონ-დაწონა ის შედეგები, რაც ამ პროგრამის დახურვას მოჰყვებოდა.

მოსამართლე რობერტსმა დაწერა: „ჩვენ არ ვწყვეტთ იმას, თუ „დაკას“ არსებობა, ან მისი გაუქმება იქნება თუ არა კარგი პოლიტიკისთვის. ჩვენ მხოლოდ ვწყვეტთ იმას, მიჰყვებოდა თუ არა სააგენტო პროცედურულ მოთხოვნებს, რაც ასაბუთებს მის მოქმედებებს“.

გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს შორის იყო მოსამართლე კლერენს ტომასი, რომელმაც დაწერა, რომ „დაკა“ თავიდანვე არალეგალური იყო. „დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ ისე, როგორც არის: მცდელობა იმისა, რომ მიგვეღო პოლიტიკურად საკამათო, მაგრამ კანონიერად სწორი გადაწყვეტილება“, თქვა მან.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მოსამართლე რობერტსმა და ლიბერალმა მოსამართლეებმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ მიიღეს გადაწყვეტილება. შარშან, მათ აიძულეს ადმინისტრაცია, რომ მოსახლეობის 2020 წლის აღწერის დროს, კითხვარიდან ამოეღოთ შეკითხვა მოქალაქეობის შესახებ.

პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილო დარჩა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. მან მოსამართლებიის განაჩენს „საშინელი და პოლიტიკურად ანგაჟირებული“ უწოდა.

ამერიკული უფლებების თავისუფლების გაერთიანება კი კმაყოფილი დარჩა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

„უზენასემა სასამრთლომ სწორად მიიღო გადაწყვეტილება 700,000 მოქალაქის, მათი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ. სასამართლოები და ამერიკელი ხალხი თანხმდება, რომ დროა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და (მრჩეველმა) სტივენ მილერმა დაასრულონ მათი ჯვაროსნული ლაშქრობა მეოცნებეთა და ზოგადად, ემიგრანტების წინააღმდეგ“, წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც და საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა: „ 8 წლის წინ, ამ დღეს ჩვენ დეპორტაციისგან დავიცავით ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ, როგორც ჩვენი დიდი ამერიკული ოჯახის ნაწილი. დღეს მიხარია მათი, მათი ოჯახებისა და ყველა ჩვენგანის გამო. ჩვენ შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვიყურებოდეთ, სხვადასხვა წარმომავლობა გვქონდეს, მაგრამ ის რაც ჩვენ ამერიკელებად გვაქცევს არის საერთო იდეალები...“ წერია ობამას განცხადებაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG