ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ნატოსთვის გამომაფხიზლებელი ზარია


ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა და ყირიმის ანექსია, ნატოს 28 წევრიან ალიანსისთვის გამომაფხიზლებელ მოვლენად იქცა.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ნატო-ს ექსპერტი ჩარლზ კუპჩანი ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალიანსი საკუთარი მისიის გადაფასებას ცდილობდა.

„რამდენიმე თვის წინ, ავღანეთის მისიის არარსებობის პირობებში, ალიანსის კრიზისის შესახებ საუბრობდნენ. ნატოს ძალების უმეტესობა 2014 წლის ბოლოს ავღანეთს დასტოვებს. იყო ასეთი კითხვა, მერე რა იქნება? ვფიქრობ ნატოს ტრადიციული, კოლექტიური თავდაცვის დანიშნულება ახლა კვლავ აქტუალური გახდა.“

ნატოს პოლიტიკის პირობა ადგენს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.

ნატოს ბოლო შეხვედრაზე, გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი ერთგულება და თქვა: „ჩვენ ნებისმიერ საფრთხეს შევაჩერებთ და მოვიგერიებთ.“

„ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ნატოს ყოფნა. პოლონეთის და რუმინეთის თავზე „ავაქს“-ის სადაზვერვო პატრულირებას ვახორციელებთ. ნატოს საჰაერო დაცვის მისიის ფარგლებში, ბალტიის ქვეყნებში ავიაგამანადგურებლების რაოდენობა ორჯერ და მეტად გავზარდეთ.“

პოლონეთი და რუმინეთი ნატოს წევრები არიან და უკრაინას დასავლეთიდან ესაზღვრებიან. რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათასობით სამხედრო მიიყვანა, რამაც დასავლელ ექსპერტებს ათქმევინა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სავარაუდოდ, სამხედრო შეჭრაა მოსალოდნელი.

ჩარლზ კუპჩანი ამბობს, რომ საკუთარი წევრების დასაცავად, ნატომ კიდევ მეტ საპასუხო ქმედებას უნდა მიმართოს.

„შესაძლოა ნახოთ ნატოს მიერ იმ მოქმედების საგრძნობი გაფართოება, რაც აღმოსავლეთ საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად უკვე ხდებოდა, თუნდაც იმ ჯენტლმენური შეთანხმების დავიწყებითაც კი, რომელიც ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნატოში მიღებისას რუსეთთან დაიდო. ამ შეთანხმებით რუსებს ვპირდებოდით, რომ ცენტრალურ ევროპაში, საზღვრებთან ახლოს, ნატოს ძალების მნიშვნელოვან რაოდენობას არ განვალაგებდით.“

კუპჩანი ამბობს, რომ ნატოს რეაქცია ომის ტოლფასი არ იქნება.

„უკრაინის გამო, ნატოს ძალების და რუსეთის დაპირისპირების პერსპექტივა არ განიხილება, იმიტომ, რომ რაც უკვე მოხდა და რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდოდ შეიძლება მოხდეს, ატლანტიკის ამ მხარესაც და ევროპაშიც, ომად არ შეფასდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთის დემოკრატიებსა და რუსეთს შორის ომად.“

ოჰაიოს ვესლის უნივერსიტეტის ნატოს ექსპერტი შონ კეი ამას ეთანხმება, მაგრამ ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო ძალებს გაუჭირდებათ.

„მათ შესაჩერებლად ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ მათი სამხედრო შესაძლებლობები საკმაოდ სუსტია. მათ საქართველოს წინააღმდეგ ომის მსგავსად შეუძლიათ იმოქმედონ. ის საკმაოდ მცირე მასშტაბის კონფლიქტი იყო, სადაც კარგად გაწვრთნილი, გაერთიანებული ძალები მოქმედებდნენ. მაგრამ მტრულად განწყობილ ტერიტორიაზე, დიდი ძალების, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განლაგება რუსებს გაუჭირდებათ.“

ჩარლზ კუპჩანი ამას ასე განმარტავს

„პუტინი თუ აღმოსავლეთ უკრაინაში შევა, ამით „პანდორას ყუთს“ გახსნის. ის საკუთარ საზღვრებთან სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. რუსეთის სამხედრო ძალებს ისეთ რაღაცაში გაჰხვევს, რაც ახალი ავღანეთივით წარმოჩინდება.“

ყირიმში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ნატომ მოსკოვთან ყოველგვარი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა. „ნატო“-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, მოსკოვთან ურთიერთობებს გადახედავენ.
XS
SM
MD
LG