ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავება არ სურს


საფრანგეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, პარასკევს შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უთხრა, მას "დასავლეთთან დიალოგის გაგრძელება სურს და უკრაინის სიახლოვეს ვითარების გამწვავება არ უნდა“.

მოსკოვს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 100 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, მათ შორის დაპირებას, რომ ნატო რუსეთის ყოფილ საბჭოთა მეზობლებს ალიანსში არასდროს მიიღებს.

პუტინი მაკრონს მას შემდეგ ესაუბრა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ნატომ, უსაფრთხოების საკითხზე რუსეთის მოთხოვნებს წერილობით უპასუხეს.

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა ორი ლიდერის საუბრის შემდეგ განაცხადა: "პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ სურდა დიალოგის გაგრძელება და ჩვენ მინსკის შეთანხმების განხორციელების მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ... მან თქვა, რომ ესკალაცია არ სურს".

კრემლის განცხადებით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უსაფრთხოების საკითხზე რუსეთის მთავარ მოთხოვნებს პასუხი არ გასცეს, მაგრამ მოსკოვი საუბრის გასაგრძელებლად მზადაა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ხუთი წლის განმავლობაში, მაკრონი პუტინთან დიალოგს ცდილობდა, რაც ზოგჯერ ევროკავშირის წევრი მოკავშირეების გაღიზიანებას იწვევდა.

საფრანგეთის მხარის განცხადებით, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები უნდა შესთავაზონ.

მაკრონმა ნათლად გამოხატა, რომ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ, თქვა ოფიციალურმა პირმა.

XS
SM
MD
LG