ჯანმო კორონავირუსით შესაძლო ხელმეორედ ინფიცირების ფაქტებს შეისწავლის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან იმ პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს, რომელთა შემთხვევაშიც ტესტმა მკურნალობის შემდეგ უარყოფითი შედეგი აჩვენა, მოგვიანებით კი კოვიდ-19 კვლავ დადასტურდა.

ჯანმომ, უკვე გამოითხოვა ასეთ პაციენტთა საქმეები სეულიდან. სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, 91 პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ეს მაშინ, როცა მანამდე, პაციენტებს ტესტებით უკვე დადასტურებული ჰქონდათ უარყოფითი პასუხი.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა საქმე ვირუსის კვლავ გააქტიურებასთან ჰქონდეთ და არა ახლიდან ინფიცირებასთან.

„ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ ჩვენს კლინიკურ ექსპერტებთან და ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია ამ ინდივიდუალურ შემთხვევებზე. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ საეჭვო პაციენტთაგან ნიმუშების შეგროვებისას ყველა პროცედურა სწორად წარიმართა“ - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, საავადმყოფოდან მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიწეროს, რაც 24 საათის ინტერვალით, ვირუსზე ჩატარებული ორი ტესტის შედეგები უარყოფითი იქნება.

ორგანიზაციის თქმით, მიმდინარე პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ავადმყოფობა მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, სიმპტომების გამოვლენის დღიდან, კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე, საშუალოდ, მკურნალობის ორკვირიანი პერიოდია საჭირო.

პარასკევს სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიური გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ კიდევ დაუდგენელია, რა დგას ამ ტენდეცნიის უკან.