ორ კვირაში იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე პანდემიის პირველ 6 თვეში - ჯანმო

უკვე მეექვსე კვირაა, რაც კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვალების მონაცემები იზრდება და მეცხრე კვირაა, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები გლობალურად მატულობს. ამის შესახებ, ხუთშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საინფორმაციო სესიაზე, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესიუსმა განაცხადა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გლობალურად, კოვიდ-19-ით ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ჯანმოს თითოეულ რეგიონში, ქვეყნებმა ინფიცირებისა და სიკვდილობის მზარდი ტენდენცია აჩვენა. ახლა ჩვენი თავდაცვის შესუსტების დრო არ არის, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებლები ნაკლებია“ - განაცხადა გებრეიესუსმა.

ვითარება ინდოეთში

კოვიდ ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა ინდოეთში. იმისთვის, რომ ეპიდემიის კონტროლი გარკვეულწილად მაინც მოხერხდეს, პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ ქვეყანაში სრული ლოქდაუნი გამოაცხადოოს.

ასევე ნახეთ: ვაქცინაზე პატენტის მოხსნის საკითხი - ევროკავშირში განსხვავებული მოსაზრებებია

„აუცილებელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებული სტრატეგია არსებობდეს“ - აცხადებს „ასოშეიტედ პრესთან“ საუბრისას შრინატ რედი, ინდოეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრეზიდენტი. მისი თქმით, არსებულ ვითარებასთან გასამკლავებლად, ქვეყანაში ამ დროისთვის დაწესებული შეზღუდვები საკმარისი არ არის.

„ადამიანთა სიცოცხლის დანაკარგი, ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“ - წერს ოპოზიციის ლიდერი, რაჰულ განდი პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში. განდიც მიიჩნევს, რომ აქამდე დაწესებული შეზღუდვები საკმარისი არ არის.

დღეს, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კიდევ ერთი ტრაგიკული რეკორდი დამყარდა. 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 414 188 და გარდაცვალების 3 915 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავსტრალია მოგაზურობის რეგულაციებს ცვლის

ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ავსტრალიელებს, რომლებიც უახლოეს წარსულში ინდოეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 მაისიდან მათ შინ დაბრუნება შეეძლებათ. თუმცა ახალი რეგულაცით, ის ავსტრალიელები, ვისაც ინდოეთში კოვიდ-19 დაუდასტურდებათ, სამშობლოში დაბრუნებას კვლავ ვერ შეძლებენ.

ასევე ნახეთ: "შესაძლოა "სინოვაკით" ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი დადგეს" - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში სულ ინფიცირების 155.6 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 32.6 მილიონით, სიის სათავეში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. 21 მილიონი ინფიცირების შემთხვევით მას მოსდევს ინდოეთი, შემდეგი კი 15 მილიონი ინფიცირებულით ბრაზილიაა.