ამერიკა და ევროკავშირი ავიამწარმოებელთა შესახებ დავას წყვეტენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ავიაკომპანიების სუბსიდიების თემაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაშინგტონი გარკვეული პირობებით, 5 წლით შეუმცირებს ევროპას იმ ტარიფებს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ევროპული "ეარბასისთვის" - ამერიკული "ბოინგის" უდიდესი კონკურენტისთვის - კონკურენციის თვალსაზრისით უსამართლო სუბსიდიად ცნო.

ასევე ნახეთ: ბოინგ 737 მაქსი ამერიკულ სამოქალაქო ავიაციაში ბრუნდება

მსოფლიოს ორ უდიდეს ავიამწარმოებელს შორის სამართლებრივი და ძვირადღირებული საერთაშორისო დავა 17 წელს გრძელდებოდა და მხარეები ერთმანეთს საკუთარი ავიამწარმოებლების - "ეარბასისა" და "ბოინგის" უსამართლო, კონკურენციისთვის შეუსაბამო სუბსიდიების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. ამ ეტაპზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ერთმანეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მოხსნიან და ისეთ მექანიზმსა და პირობებზე შეთანხმდებიან, რომლებიც ყველასთვის მისაღები იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა ამ დიდი მიღწევით დაიწყო და ეს ურთიერთობებში "ახალი თავის დასაწყისია, რადგან 17-წლიანი დავის შემდეგ სამართლებრივი ქმედებებიდან თანამშრომლობაზე გადავდივართ."