აშშ-ის საელჩო ომის 12 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ 7 აგვისტო გვახსენებს ათასობით ადამიანს, რომელსაც ეს ომი პირდაპირ შეეხო და კვლავაც აგრძელებს ასე ცხოვრებას რუსული აგრესიის ფონზე.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გასულ წელს საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გახდა მომსწრე რუსული მოქმედებებისა, როცა ის ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით მეტრის მიტაცებას შეეცადა.

ასევე ნახეთ: „გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ მცირე პროგრესის გამო“ - გაეროს უშიშროების საბჭო

საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები თანდათან აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის სიღმეში შესვლას და ქართული მიწების მიტაცებას. საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ქართველი კვლავ იძულებით გადაადგილებულად რჩება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ხალხი კი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსაა მოკლებული.