ამერიკა ავღანეთს 308 მილიონი დოლარით დახმარებას ჰპირდება

თეთრი სახლი ავღანეთისთვის 308 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების შესახებ აცხადებს. მას შემდეგ, რაც ხუთი თვის წინ ქვეყანაზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა, ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდება.

ასევე ნახეთ: 23 მილიონ ავღანელს შიმშილი ემუქრება

თეთრი სახლის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ემილი ჰორნმა თქვა, რომ დახმარებას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიიღებენ და თანხებს გამოიყენებენ თავშესაფრის, ჯანდაცვის სერვისების, ზამთრისთვის მოსამზადებლად, საკვების და ჰიგიენური და სანიტარული საშუალებების მისაწოდებლად.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ამგვარი საბაზისო სერვისებისა და საშუალებების სიმცირე კიდევ უფრო რთულ ვითარებას ქმნის. ამას ემატება გვალვა და საკვების ნაკლებობაც.

ავღანეთის წინა მთავრობის ბიუჯეტის თითქმის 80%-ს საერთაშორისო საზოგადოება აფინანსებდა. ამ თანხებით ფინანსდებოდა საავადმყოფოები, სკოლები, ქარხნები და სამთავრობო სააგენტოებიც.