უკრაინაში ვითარება მწვავდება

პრორუსულმა ძალებმა მთავრობის ულტიმატუმის მიუხედავად, ქალაქ გორლივკაში კიდევ ერთი პოლიციის შენობა დაიპყრეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი -ალექსანდრე ტურჩინოვი- გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს ესაუბრა და გაეროს მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის სრული მზადყოფნა აღუთქვა. რამდენიმე ხნით ადრე ტურჩინოვმა ისიც განაცხადა, რომ ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის წინააღმდეგი არ არის და დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ხმას ერთიან და დამოუკიდებელ უკრაინას მისცემს.

შეერთებული შტატების ელჩი გაეროში -სამანტა პაუერი- აცხადებს, რომ რუსეთის საქციელის, პროპაგანდის, თუ სამხედრო ქმედების დაკავშირება მათივე მხრიდან გაეროში დეკლარირებულ დიპლომატიურ მიდგომაზე და დეესკალაციის აუცილებლობაზე, ძალიან რთულია და სასურველია, რომ ისინი უფრო „გულწრფელები“ იყვნენ.

ვიტალი ჩურკინი, რუსეთის ელჩი გაეროში კი ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისროს. „ძალიან მალე დავრწმუნდებით, თუ რამდენად სურთ მათ კიევში მიმდინარე პროვოკაციების დასრულება“ - განაცხადა ჩურკინმა.

ამასობაში პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებული ულტიმატუმის მიუხედავად, ქალაქ გორლივკაში კიდევ ერთი პოლიციის შენობა დაიპყრეს. ბარიკადების მიღმა, სამთავრობო შენობებში შეჭრილი დემონსტრანტები ყირიმის ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ, რომელიც გადაწყვეტს, დარჩეს თუ არა რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში, თუ რუსეთს შეუერთდეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ პრორუსულმა სამხედრო დაჯგუფებებმა სამთავრობო უწყებათა შენობების დასაკუთრება კოორდინირებულად და პროფესიონალურად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინის 6 ქალაქში განახორციელეს. მოიერიშეებს შორის ბევრს ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვა და რუსული წარმოების იარაღი ეჭირა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მათ შენობების თავზე რუსეთის და სეპარატისტთა დროშები აღმართეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისევე როგორც დონეცკში, ლუგანსკში და ხარკოვში გასულ კვირას მიტანილი იერიშის დროს, ამჯერადაც თავდასხმების სერია ბევრ საერთო ნიშანს ატარებდა და საკმაოდ გავდა ყირიმში დაწყებულ და განვითარებულ სცენარს, რასაც საბოლოო ჯამში რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსია მოჰყვა. არსებობს იმის ნიშნებიც, რომ 12 აპრილს დაგეგმილი თავდასხმები წინასწარ იყო დაგეგმილი და ის რამდენიმე ქალაქში წარმატებით განხორციელდა. მათ შორის სლავიანსკში, კრასნი ლიმანში, თუ დონეცკში. არსებობს ცნობები, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე სხვა ქალაქში ანალოგიური იერიშები ჩაიშალა.

უკრაინის ხელისუფლებას გააჩნია იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ამ უკანონო ოპერაციების უშუალო ორგანიზატორები არიან და პრორუსული აქტივისტების მიერ ორგანიზებული ამბოხი მათი ორკესტრირებულია. ამასთან ერთად უკრაინაში დატყვევებულია ადამიანი, რომელიც ადასტურებს, რომ ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სწორედ ამ სახის ოპერაციების ჩატარებისთვის დაიქირავეს.

მას შემდეგ, რაც უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკრაინის ქალაქებში სამთავრობო შენობები დაიპყრეს, რეგიონიდან დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებიც განდევნეს. სანაცვლოდ, პრორუსულ მედიას განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭეს, თუკი ისინი სეპარატისტთა ინტერესების დაცვას გააგრძელებენ. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ჟურნალისტები მძევლებად არიან აყვანილი. იყო შემთხვევა, როცა მათი მიმართულებით გამაფრთხილებელი სროლებიც მოხდა - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.