ბრიტანეთში პრემიერის პოსტისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაშია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საკუთარ გამოსვლაში, რომელიც მისი კამპანიის ნაწილია, მან თქვა რომ ის ერთადერთია, ვისაც აქვს გამოცდილება მიიღოს „მკაცრი გადაწყვეტილებები“ ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ტრასი ცდილობს, მისი დრო და გამოცდილება მთავრობაში, მისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს.

ამ ეტაპზე, პრემიერის პოსტისთვის მებრძოლთა შორის, ექვსი კანდიდატი რჩება. შერჩევის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერს მოუწევს გაუმკლავდეს მზარდ ინფლაციას და დაბალ ეკონომიკურ ზრდას. ასევე, მომავალი პრემიერის პასუხისმგებლობა იქნება, მთავრობის მიმართ შემცირებული საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა, რაც ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს სკანდალების მთელი სერიით არის განპირობებული.

კონსერვატიული პარტიის კანდიდატებს შორის, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი ლიდერობს. პირველ კენჭისყრაში, მან პარტიის 358 წევრიდან 88-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მას ვაჭრობის მინისტრი, პენი მორდონტი მოჰყვება 67 ხმით, შემდეგ კი ლიზ ტრასია 50 კანონმდებლის მხარდაჭერით.

ასევე ნახეთ: „უკრაინა იქნება უფრო ძლიერი, აყვავებული და ერთიანი,“- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პარტიიდან კიდევ სამი ადამიანი ვინც პოსტისთვის იბრძოლებს, თანასწორობის ყოფილი მინისტრი კემი ბადენოჩი, გენერალური პროკურორი სუელა ბრეივმანი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰატი არიან. ისინი დღეს კენჭისყრის მეორე რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას.

ქვეყნის ლიდერობისთვის მიმდინარე რბოლას ის კანდიდატები გამოეთიშებიან, ვინც კანონმდებელთა 30 ხმაზე ნაკლებს მიიღებს. თუ სამივე კანდიდატი გადავა ამ ნიშნულს, მაშინ ყველაზე ნაკლები ხმების მქონე მონაწილე ჩამოცილდება შეჯიბრს.

კანდიდატებს შორის, კენჭისყრის სერიების შემდეგ, 21 ივლისს მხოლოდ ორი დარჩება. ახალ ლიდერს შემდეგ უკვე, ქვეყნის კონსერვატიული პარტიის 200,000 წევრი აირჩევს და საბოლოო გადაწყვეტილება 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ქვეყნის პრემიერობისთვის იბრძოლებს