ტრამპს და ჯულიანის ამბოხების მიზნით შეთქმულების მოწყობისთვის უჩივიან

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და მისი ადვოკატი რუდი ჯულიანი (მარცხნივ), ნიუ-იორკის ყოფილი მერი

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს რუდი ჯულიანის (ნიუ-იორკის ყოფილ მერს), ამბოხების მიზნით შეთქმულების მოწყობის გამო უჩივიან. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქის სასამართლოში განცხადება მომჩივანმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა შეიტანა. ის წარმომადგენელთა პალატაში შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა.

საჩივარი ტრამპს და ჯულიანის ედავება 1871 წლის კუ-კუქს კლანის სახელით ცნობილი აქტის დარღვევას და მათ პასუხისმგებლობას აკისრებს 6 იანვარს, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე მიტანილ სისხლიან იერიშზე. ამბოხების მცდელობას 5 ადამიანი შეეწირა, ასზე მეტი დაშავდა და არჩევნების შედეგების სერტიფიცირების დემოკრატიული პროცესი შეფერხდა.

ასევე ნახეთ: ამერიკელების უმეტესობას სჯერა, რომ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ დამნაშავეა

ყოფილი პრეზიდენტი და მისი ადვოკატი პოსტის დატოვებამდე გამუდმებით ცრუობდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მასობრივად გაყალბდა. ეს თვეობით გრძელდებოდა იმის მიუხედავად, რომ სასამართლოებში შეტანილი 60-ზე მეტი საჩივრით, ამ ბრალდებების დასაბუთება მათ ვერსად შეძლეს. ყველაფერი კი ამერიკის დედაქალაქში კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე მიტანილი იერიშით დასრულდა, რომელმაც საფრთხეში ჩააგდო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და კონგრესის ასობით კანონმდებელთა სიცოცხლე.

კონგრესმენი ბენი ტომპსონი ორ ულტრამემარჯვენე ორგანიზაციასაც უჩივის. ესენია: "ფრაუდ ბოიზ" (Proud Boys - ამაყი ბიჭები) და ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებას "ოუთ ქიფერზ" ჰქვია (Oath Keepers - ფიცის დამცველები). ორივე მონაწილეობდა 6 იანვარს შეერთებული შტატების კონგრესზე მოწყობილ თავდასხმაში.

კონგრესმენი ბენი ტომპსონი

"ამბოხი ტრამპის და ჯულიანის მიერ გულდასმით ორკესტრირებული გეგმა იყო" - აცხადებს წარმომადგენელთა პალატაში შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. კონგრესმენ ტომპსონის თქმით, ტრამპს და ჯულიანის ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთი მიზანი აერთიანებდათ: "გამოეყენებინათ შეურაცხყოფა, ძალადობა და მუქარა", რათა კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცება შეფერხებულიყო.

შაბათს, იმპიჩმენტის ხუთდღიანი პროცესის დასასრულს, შეერთებული შტატების სენატმა ტრამპი 6 იანვრის ამბოხების წახალისებაში უდანაშაულოდ ჩათვალა. ბრალდებას მხარი 100 სენატორიდან 57-მა დაუჭირა. 43 სენატორი კი წინააღმდეგი წავიდა. ბრალის დამტკიცებისთვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკელების უმეტესმა ნაწილმა ტრამპის დადანაშაულებაზე უარი თქვა, დემოკრატებმა მაინც შეძლეს 7 რესპუბლიკელის გადაბირება. პროცესის დასასრულს კი სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამბოხების პროვოცირებაზე "პრაქტიკულად და მორალურად" პასუხისმგებელია.

Your browser doesn’t support HTML5

ტრამპის იმპიჩმენტის გაკვეთილი