ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ტრამპი უდანაშაულოდ ცნო, ვაშინგტონში იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. შეერთებული შტატების სენატმა ის 6 იანვრის ამბოხების წახალისებაში უდანაშაულოდ ჩათვალა. ბრალდებას მხარი 100 სენატორიდან 57-მა დაუჭირა. 43 სენატორი კი წინააღმდეგი წავიდა. ბრალდების დამტკიცებისთვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ამერიკის ისტორიაში დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. იმპიჩმენტის მეორე პროცესი სენატში სამშაბათს, 9 თებერვალს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა. ბრალდებას და დაცვას დაახლოებით 16-16 საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ საქმე წარმოადგინათ.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოუცხადა. მაშინ პრეზიდენტის მიმართ წაყენებული იყო ძალაუფლების გადამეტების და კონგრესის შეფერხების ბრალდებები. საქმე ეხებოდა იმ პერიოდში დემოკრატების წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიებას უკრაინაში. ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ბრალდების მიხედვით, ამერიკის დახმარების სანაცვლოდ, ჰანტერ ბაიდენის საქმის გამოძიებას ითხოვდა.

მაგრამ სენატმა, რომელიც მაშინ რესპუბლიკელების ხელში იყო, 2020 წლის თებერვალში მხარი დაუჭირა ტრამპის თანამდებობაზე დატოვებას. დღეს სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. ბრალდება ამჯერად 6 იანვარს კონგრესის შენობასთან მომხდარი ამბოხის წახალისებაა, რაც დამტკიცების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დონალდ ტრამპისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების სამუდამოდ აკრძალვას.

წარმომადგენელთა პალატამ მეორე იმპიჩმენტი 2021 წლის 13 იანვარს დაამტკიცა. ბრალდების მიხედვით, პოსტის დატოვებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვაშინგტონში ძალადობრივი ამბოხი წაახალისა. მაშინ, როცა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თავმჯდომარეობით, კონგრესის გაერთიანებული სხდომა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრენენ.

სამართალდამცავებს ვიცე-პრეზიდენტის და კანონმდებლების ევაკუაცია მოუწიათ. 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი პოლიციელია, იყვნენ დაშავებულებიც. მოგვიანებით, ჩაშლილი სხდომა განახლდა და ფორმალური პროცესით, კანონმდებლებმა გამთენიისას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებზე გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG