აშშ-ის პრეზიდენტი უარს ამბობს დაადასტუროს, რომ თანახმაა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს.
"უნდა შევხედოთ, რა მოხდება" - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის ამ საკითხზე დასმულ კითხვას, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. "იცით, რომ ხმამაღლა ვჩივი ბიულეტენების შესახებ, და ბიულეტენები კატასტროფაა" - დასძინა პრეზიდენტმა. მან აქ სავარაუდოდ, ფოსტით ხმის მიცემა იგულისხმა.
პრეზიდენტი ტრამპი, მტკიცებულებების გარეშე, განმეორებით აცხადებს, რომ ათობით მილიონი ხმის ფოსტით მიცემა, არჩევნების გაყალბებას გამოიწვევს. ის თავის მომხრეებს მოუწოდებს, ხმა საარჩევნო უბნებზე ფიზიკურად მისცენ. პანდემიის გამო, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას დემოკრატები უჭერენ მხარს.
გასულ კვირაში, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არჩევენების შედეგების განხილვა, შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს.
Fundamental to democracy is the peaceful transition of power; without that, there is Belarus. Any suggestion that a president might not respect this Constitutional guarantee is both unthinkable and unacceptable.
— Mitt Romney (@MittRomney) September 24, 2020
"დემოკრატიის ფუნდამენტი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა; სხვა შემთხვევაში არსებობს ბელარუსი. ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, პატივი არ სცეს ამ კონსტიტუციურ გარანტიას, წარმოუდგენელი და მიუღებელია" - აცხადებს "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში, რესპუბლიკელი სენატორი, მიტ რომნი.
ტრამპის დემოკრატი კონკურენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მან არც კი იცის, რა უპასუხოს პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებას. ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტი "არარაციონალურად საუბრობს".