ტრამპის კამპანიამ პენსილვანიასთან დაკავშირებული სარჩელის ნაწილზე უარი თქვა

კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიამ უარი თქვა თავისი სარჩელის ძირითად ნაწილზე, რომელიც პენსილვანიის შტატის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების შესაჩერებლად შეიტანა.

ფედერალურ სასამართლოში შეტანილი განახლებული სარჩელით, ტრამპის კამპანიამ უარი თქვა ბრალდებაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, ფილადელფიაში და პიტსბურგში დამკვირვებლებს ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლის პროცესზე დაკვირვების საშუალება უკანონოდ შეუზღუდეს.

ასევე ნახეთ: რამდენიმე შტატის მოსამართლეებმა ტრამპის საჩივრები არ დააკმაყოფილეს



შეკვეცილი სარჩელის ყურადღების ცენტრში ახლა არის ბრალდება, რომ დემოკრატების მიმართ მხარდაჭერით გამორჩეულ საგრაფოებში, შტატის კანონის დარღვევით, ამომრჩევლებს უფლება მისცეს ფოსტით გაგზავნილ საკუთარ ბიულეტენებში შეცდომები შეესწორებინათ.

ასევე ნახეთ: ტრამპის კამპანია სარჩელების შეტანას აგრძელებს

პენსილვანიის ოფიციალურმა პირებმა მოსამართლეს სთხოვეს ტრამპის სარჩელი არ მიიღოს და განაცხადეს, რომ დამკვირვებლებს ბიულეტენების დამუშავების პროცესზე წვდომა ჰქონდათ და შტატმა ყველა საგრაფოს მისცა ნებართვა, ამომრჩევლებისთვის მათ ბიულეტენებში არსებული შეცდომების შესახებ ეცნობებინათ.

ტრამპის კამპანია აგრძელებს დავას, რათა სასამართლომ პენსილვანიის შტატის მდივნის მიერ არჩევნების შედეგის რატიფიკაცია დაბლოკოს.

პენსილვანიამ არჩვნების შედეგების რატიფიკაცია 23 ნოემბერს უნდა მოახდინოს.