ოპერაცია ესპანეთში

პოლიციამ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი დააპატიმრა
ესპანელმა სამართალდამცავებმა დღეს ჩატარებული ოპერაციის დროს ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი რვა ადამიანი დააპატიმრეს. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეიდი ქალაქ სეუტაში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ესპანურ ანკლავში განხორციელდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპატიმრებულები ეჭვმიტანილები არიან ალ-ყაიდას მებრძოლების სირიაში გაგზავნაში. ჯგუფის მიერ გადაბირებული მებრძოლები ახორციელებდნენ თვითმკვლელურ ტერორისტულ აქტებს და ასევე მონაწილეობდნენ ტერორისტების საწვრთნელ ბანაკებში. დაპატიმრებულთა ვინაობის გამხელისგან ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ თავს იკავებს.