უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები რესპუბლიკურ პარტიას მოქმედებისკენ მოუწოდებენ

ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე 100-ზე მეტი ყოფილი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნები პარტიის ლიდერებს მოუწოდებს, დაგმონ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, არ აღიაროს არჩევნებში დამარცხება. ისინი ამას დემოკრატიისთვის შეუსაბამოდ და ამერიკული ინსტიტუტების დამაზიანებლად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ.

ამ პირთა ნაწილი პრეზიდენტ რეიგანის, პრეზიდენტების ჯორჯ ბუშ უფროსისა და უმცროსის თუ თავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებში მუშაობდა. ისინი აკრიტიკებენ კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს იმის გამო, რომ ისინი არ გმობენ პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს და იმას, რომ ის არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს.

ასევე ნახეთ: ტრამპმა არჩევნების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაითხოვა


ყოფილ მაღალჩინოსანთა ჯგუფი აგვისტოში გაერთიანდა. ჯგუფი სახელად "ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი რესპუბლიკელი ოფიციალური პირები ბაიდენის მხარდასაჭერად" დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას ატარებდნენ, ახლა კი ნაწილობრივ, კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებსაც აკრიტიკებენ.

რეპუბლიკელთა უმრავლესობა ტრამპის საჩივრების და არჩევნების გაყალბების თაობაზე მისი განცხადებების შესახებ დიდწილად დუმილს ამჯობინებს.

"პრეზიდენტ ტრამპის შემაყოვნებელი ტაქტიკის წახალისებით თუ დუმილის შენარჩუნებით რესპუბლიკელი ლიდერები ამერიკულ დემოკრატიასა და ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ", - ვკითხულობთ ამ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.