პანდემიის ფაზამ გადაიარა, მაგრამ კოვიდ-19 ჯერ ისევ აქაა - ფაუჩი

ენტონი ფაუჩი

ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კოვიდ-19 შეერთებულ შტატებში "პანდემიის ფაზიდან გამოვიდა". იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი კვლავ აგრძელებს ამერიკელთა ინფიცირებას, არის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევებიც, შესაძლოა, რომ კოვიდ-19 თანდათან ენდემიური დაავადების სახეს იღებდეს.

ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნული განცხადება სამშაბათს, ამერიკულ საზოგადოებრივ რადიოსთან "ფი-ბი-ესი" (PBS) ინტერვიუში გააკეთა. ჩვენ "აღარ გვაქვს დღეში 900 000 ახალი ინფექციის და ათობით ათასი ჰოსპიტალიზაციის, თუ ათასობით სიკვდილობის მონაცემი" - ამბობს ფაუჩი. მისი თქმით, ომიკრონის ვარიანტის ახალი ტალღის შემოტევის შემდეგ, ახლა კორონავირუსის მონაცემები ამერიკაში გაცილებით დაბალია და შესაძლოა ეს იყოს ენდემიურ დაავადებაში გადასვლის ფაზა.

ასევე ნახეთ: ხანგრძლივი კოვიდი - რას ამბობს უახლესი კვლევები

თუმცა, მას მოგვიანებით ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია. ოთხშაბათს, "ვაშინგტონ პოსტთან" კომენტარში, ექიმი ფაუჩი ამბობს: "მსოფლიოში ჯერ კიდევ პანდემიაა. ეს ეჭვგარეშეა. ამის სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. ჩვენ ჯერ ჯიდევ პანდემიაში ვართ" - განაცხადა მან.

მართალია, ამერიკაში ბოლო თვეებში პანდემიის მონაცემებმა ზამთრის თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ბოლო კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, მაინც 25%-ით მოიმატა. ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტებს თვალი უჭირავთ მაღალი გავრცელებით გამორჩეულ ახალ ვარიანტებზე და მათ შესაძლო თანმხლებ რისკებზე.

დღეისთვის კოვიდ-19-ის საბოლოო მონაცემები ამერიკაში ასე გამოიყურება: 81 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 992 000-ზე მეტი გარდაცვალება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით, ამერიკა კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას ცდილობს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ახლა ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლის მეტი ინსტრუმენტი აქვთ: ვაქცინაცია, დამატებითი დოზები და მედიკამენტები.