პრეზიდენტი ობამა ჰააგაში ჩავიდა

ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტზე ყურადღება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე გამახვილდება
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები და ევროპა ერთიანდებიან იმ საკითხში, რომ რუსეთი უკრანაში განხორციელებული ქმედებისთვის უნდა დაისაჯოს. აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ჰოლანდიაში დიდი შვიდიანის საგანგებო შეხვედრის წინ გააკეთა.

შეხვედრაში შეერთებულ შტატებთან ერთად დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია მონაწილეობენ. ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტზე ყურადღება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე გამახვილდება. ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთი ამ შეხვედრაზე მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეტ კოორდინირებას მოახდენს. პრეზიდენტ ობამას უცხოეთში ერთკვირიან მოგზაურობაში ევროპის გარდა საუდის არაბეთიც შედის.