ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“


რამდენად საშიშია ყირიმის პრეცედენტი და უნდა ველოდოთ თუ არა ნატოს გაფართოებას - ინტერვიუ გამოცდილ ამერიკელ დიპლომატთან

ვაშინგტონში უკრაინაში მიმდინარე კრიზისის შესახებ მსჯელობა გრძელდება. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ყირიმის პრეცედენტი დანარჩენი მსოფლიოსთვის და უნდა ველოდოთ თუ არა შედეგად ნატოს შემდგომ გაფართოებას? ამ და სხვა ქართული აუდიტორიისთვის საინტერესო კითხვებს კრისტოფერ ჰილი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დღესდღეობით დენვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დეკანი, პასუხობს. კრისტოფერ ჰილი ცნობილი დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის ელჩად სხვადასხვა ქვეყნებში მსახურობდა, მათ შორის - პოლონეთში, მაკედონიაში, ერაყში და სამხრეთ კორეაში. გთავაზობთ ამერიკის ხმის ექსკლუზიურ ინტერვიუს კრისტოფერ ჰილთან.

ყირიმის რეფერენდუმი ძალზე საშიშ პრეცედენტს ამკვიდრებს. თანაც, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ამას ადასტურებს ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის ევროპული ვიზიტიც, რომელიც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის თუ არა შექმნილი ვითარება ახალი ცივი ომის მომასწავებელი?

იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა საქმე ახალ ცივ ომთან, ფაქტია, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორეს ქვეყნის ნაწილი წაართვა. ეს მოვლენების ძალზე ავისმომასწაველებლი განვითარებაა და ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ფხიზლად უნდა იყოს. თქვენ გახსოვთ პოლონეთში 1939 წლის მაგალითი, როცა ორივე, რუსეთი და გერმანია თავს დაესხა მათ. პოლონეთს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომელიც მათი მხრიდან, თავდასხმის შემთხვევაში გერმანიასთან დაუყოვნებლივ ომის გამოცხადებას ითვალიწინებდა. ისინი ასეც მოიქცნენ. მაგრამ არც ჯარი გააგზავნეს, არც იერიში მიიტანეს და არაფერი იღონეს იმისთვის, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე ზემოქმედება მოეხდინათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი ამ ქვეყნებში. მან უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ ნატო უფრო მეტის გაკეთებას გულისხმობს მათთვის, ვიდრე ის, რაც 1939 წელს მოხდა. ასე რომ ისტორიაში ყველაფრის მაგალითი მოიძებნება.

რა აზრის ხართ იმ შეხედულებაზე, რომ ყირიმისადმი პოლიტიკა მოსკოვისთვისაც საშიშია, რადგან შესაძლოა სეპარატიზმი ისეთ რეგიონშიც კი გაიზარდოს, როგორიცაა ჩეჩნეთი?

რა თქმა უნდა, ამაში სიმართლე გარკვეული დოზით არის. ეს უკრაინაზეც იმოქმედებს, ვინაიდან იქ პრორუსული ელექტორატის შემცირებით, იქნება ის, რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია: უკრაინა კიდევ უფრო გადაიხრება დასავლეთისკენ. ეს კი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო რეალურია, რომ მოხდეს. სრულიად გეთანხმებით, ჩეჩნეთი კარგი მაგალითია და კიდევ რამდენიმე ადგილია, სადაც რუსეთს, ჩემი აზრით, გაუჭირდება იმის თქმა, რომ მათ თვითგამორკვევასთან დაკავშირებით რეფერენდუმის მოწყობის უფლება არ გააჩნიათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთმა საკუთარი თავიც არასახარბიელო სიტუაციაში ჩააყენა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან დასუსტდა და ქვეყნის ლიდერები კი კიდევ უფრო მეტად ამწვავებენ ისედაც გაღვივებულ ნაციონალისტურ განწყობებს.

ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებასაც განიხილავს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი?

რუსული ენერგორესურსები 70-იანი წლებიდან მოყოლებული მნიშვნელოვან საკითხად რჩება, მას შემდეგ რაც მათ მილსადენების გაყვანა დაიწყეს და რუსულ ენერგიის წყაროებზე არამარტო აღმოსავლეთ ევროპა, არამედ დასავლეთის ქვეყნებიც ძალზე დამოკიდებული გახადეს. ახალმა მოცემულობამ ამ ქვეყნების მიერ პოლიტიკური რეაგირების ერთგვარი შეზღუდვა გამოიწვია. რთულია იმის თქმა, თუ რა შეუძლია ამმხრივ ჩვენს ვიცეპრეზიდენტს. გეცოდინებათ, რომ გრანდიოზულ, მეგა-პროექტებზეა საუბარი. რამდენადაც ვიცი, პოლონეთმა იმუშავა იმაზე, რომ ბალტიის ზღვის მხრიდან ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირება მომხდარიყო. თუმცა, ამგვარი მოქმედება სერიოზული ეკონომიკური შედეგის მომტანი უნდა იყოს. რუსეთი აღნიშნულ სიტუაციას ამ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდისთვის იყენებდა. შესაბამისად, ეს ქვეყნები, ღირებულების მიუხედავად, კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებას შეეცდებიან.

პრეზიდენტ ობამას პოლიტიკური ოპონენტები დაგვიანებულ და სუსტ რეაგირებაში ადანაშაულებენ. თქვენი აზრით, რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად?

არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტუაციის შესაჩერებლად დიდი არჩევანი იყო... მგავსი გარემოებების დროს, შეერთებული შტატების პოლიტიკაში შიდა პოლიტიკა დიდ გავლენას ახდენს და მხარეები არკვევენ, ვინ უფრო მკაცრად მოიქცა. კრიტიკა ძირითადად გამოიწვია იმან, რომ პრეზიდენტი ობამა ამ, თუ სხვა კრიზისში საკმარისად მკაცრი და პრინციპული არ იყო. გარკვევით გამოხატულ ალტერნატიულ გამოსავალს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი სწორი იყო, როცა სანქციები დაუყოვნებლივ არ დააწესა. ვიყოთ გულახდილები, სანქციები არ არის ის ნაბიჯი, რომელიც რუსულ ქცევას შეცვლის. პირიქით, ისინი რუსებში კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას იწვევს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენს სხვა არჩევანი საერთოდ არ ჰქონდა. სანქციები კი აუცილებლად უნდა მიეღო, იმის მიუხედავად, რომ ბალკანეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, სანქციები ზოგჯერ ორივე მხრიდან ალესილი ხმალი შეიძლება აღმოჩნდეს.

გამოიწვევს თუ არა ეს დაუყოვნებლივ ქმედებებს ნატოს გაფართოების პროცესის აჩქარების თვალსაზრისით? თებერვალში, უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ორმოცმა კონგრესმენმა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის წერილობით მიმართა, რომელშიც წლევანდელ სამიტზე ნატოში გაწევრიანების მსურველთა მხარდაჭერა სთხოვა.

ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ყირიმის სიტუაციამ ძალიან გაამწვავა აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა. რთულია იმის თქმა, თუ რამდენად შეიძლება ეს ცივი ომის ეპოქის განახლებას წარმოადგენდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატოს აღმოსავლეთის ფრთას ბევრად დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. განახლებული ყურადღება სჭირდება მაკედონიას, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანასავით იქცევა და ის ალიანსში უნდა მიიღონ. მაგრამ მხოლოდ ამას არ უნდა დასჯერდნენ, მე უფრო შორსაც წავიდოდი. ეს მხოლოდ ნატოს არ ეხება. ასპირანტ ქვეყნებთან ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. მაგალითად, რასაც თქვენ „ამერიკის ხმაში“ აკეთებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ ქვეყნებისადმი ხმის მიწვდენის საშუალება გვქონდეს და რუსეთის შესახებ ჩვენი, შეერთებული შტატების და დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების აზრი გავავრცელოტ. რა თქმა უნდა, რუსეთიც იგივეს გააკეთებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოში ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ასე რომ, ძალიან ვაფასებ სახალხო დიპლომატიის გაგრძელებას, რათა ორმხრივი ურთიერთობა აქტიურად მიმდინარეობდეს. იცით, რომ პირველი, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა, იყო ის, რომ უკრაინული რადიო და ტელევიზია გამორთო...
XS
SM
MD
LG