USAGM-ში განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებს დემოკრატი კონგრესმენები აკრიტიკებენ

ორმა დემოკრატმა ამერიკელმა კანონმდებელმა "ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს" (USAGM) ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. მაიკლ პეკმა, რომელიც USAGM-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობას სენატში დამტკიცების და ფიცის დადების შემდეგ, 10 ივნისს შეუდგა, სააგენტოში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები გაათავისუფლა.

ფედერალური სააგენტო 5 მაუწყებელს ზედამხედველობს. ესენია: "ამერიკის ხმა" (VOA), "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება"(RFE/RL), "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN). პეკმა მათი და ასევე "ღია ტექნოლოგიების ფონდის" ხელმძღვანელების დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

კონგრესმენი ნიტა ლოუი, წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და კონგრესმენი ელიოტ ენგელი, რომელიც პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ერთობლივ განცხადებაში ამბობენ:

"ბატონი პეკის მიერ პოზიციაზე დანიშვნიდან პირველივე კვირაში მიღებული უკიდურესი ზომები შოკისმომგვრელია და ჩვენ ძლიერ გვაშფოთებს, რომ ის იწყებს ამ კრიტიკული სააგენტოს ხელმძღვანელობას იმ განზრახვით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური კაპრიზები იყოს უფრო პრიორიტეტული, ვიდრე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის/რეპორტინგის დაცვა და წახალისება, რაც დემოკრატიის საფუძველია."

"ასოშეიტედ პრესის" თანახმად, მაიკლ პეკს არ დაუსახელებია კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ ათავისუფლებდა თითოეულ ხელმძღვანელს და ამ გადაწყვეტილებაში მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ ეს მის, როგორც სააგენტოს ახალი დირექტორის უფლებამოსილების ფარგლებში ხდებოდა.

ასევე ნახეთ: ბატონი პეკისგან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტების დამოუკიდებლობის დაცვას მოველი - კონგრესმენი ენგელი

რაც შეეხება "ამერიკის ხმის" მენეჯმენტს, მისი დირექტორი და დირექტორის მოადგილე, ამანდა ბენეტი და სენდი შუგავარა პოზიციებიდან ორშაბათს თავად გადადგნენ.

სენატორი ბობ მენენდესი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი პეკის ქმედებებს ასევე აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამგვარმა ნაბიჯებმა შესაძლოა სააგენტოს დამოუკიდებლობა შეასუსტოს.

"ბატონმა პეკმა მუშაობა დაიწყო ამ დათხოვნებით, ქსელების მეთაურების სამსახურიდან გაშვებით, მათი კორპორატიული მმართველი საბჭოების დაშლით, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არაკვალიფიციური ადამიანებით ჩაენაცვლებინა, რაც ფუნდამენტურად ასუსტებს ორგანიზაციის მისიას. "ახლა ნათელია რატომ სურდა თეთრ სახლს პეკი [მისი დანიშვნა] ასე ძალიან, რომ შესძლებოდა სააგენტოს ტრანსფორმირება და პირად სპიკერად ქცევა.

მენენდესმა ამის შესახებ კომიტეტის კოვიდ-19-თან დაკავშირებული სხდომის გახსნისას ისაუბრა და თქვა, რომ ამგვარი ცვლილება შეუქცევადია. "როდესაც სანდოობა დაიკარგება, არავინ აღარასდროს ენდობა "რადიო თავისუფლებას", რადიო "მარტის" თუ "ღია ტექნოლოგიების ფონდს", - განაცხადა მენენდესმა.

ოთხშაბათს მაიკლ პეკმა "ამერიკის ხმის" თანამშრომლებს წერილობით მიმართა და პირობა მისცა, რომ ორგანიზაციის ქარტიის და ჟურნალისტების დამოუკიდებლობისა და მთელს მსოფლიოში გმირული საქმიანობის ერთგული დამცველი იქნება.

მაიკლ პეკი ამ პოზიციაზე დონალდ ტრამპმა ორ წელზე მეტი ხნის წინ წარადგინა, თუმცა დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, რესპუბლიკელების მიერ მართულმა სენატმა მისი კანდიდატურა მხოლოდ ორი კვირის წინ დაამტკიცა. ის გლობალური მედიის სააგენტოს 3 წლის ვადით უხელმძღვანელებს.