ნეთანიაჰუს პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა, ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაავალა.

23 მარტს, ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, მეოთხე არჩევნები ჩატარდა, თუმცა უმრავლესობა ან საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა შეექმნა, ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

პრეზიდენტის მიერ მინიჭებული მანდატის შემდეგ, ნეთანიაჰუს 28 დღე და აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს.

თუ ამ ვადაში მთავრობის დაკომპლექტება ვერ მოხერხდა, პრეზიდენტს უფლება აქვს მისი ფორმირება სხვას დაავალოს.

ასევე ნახეთ: პუტინმა კანონს მოაწერა ხელი, რომელიც მას ძალაუფლებაში 2036 წლამდე დარჩენის უფლებას აძლევს

ვიდრე მთავრობის დაკომპლექტების უფლებას ნეთანიაჰუს მიანიჭებდა, პრეზიდენტმა კონსულტაციები ქნესეთში გამართა. 120 კანონმდებლიდან, ნათანიაჰუმ მთავრობის ფორმირებისთის 52-ის დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმნა 45, ხოლო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 7.

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, მოსყიდვისა და თაღლითობის მუხლით საქმეა აღძრული, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს შეუძლია განაგრძოს უფლება-მოვალეობის შესრულება მაშინაც კი, როდესაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.