ისრაელმა დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი მოკლა

დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მეომრები, 2014 წ. ფოტო

ისრაელის ცნობით, დღეს ღაზის სექტორში მიტანილი, დამიზნებული იერიშის შედეგად, მოკლულია ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰა აბუ ალ-ეტა. თავდასხმაში დაიღუპა მისი ცოლი და შვილებიც დაჭრილები არიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ სწორედ ბაჰა აბუ ალ-ეტა "იყო პასუხისმგებელი ბოლო თვეებში განხორციელებულ ბევრ ტერორისტულ თავდასხმაზე და ისრაელის მხარეს ნასროლ რაკეტებზე".

ექსტრემისტები შურისძიებით დაიმუქრნენ. მათ საპასუხო სარაკეტო ცეცხლი გახსნეს ისრაელის ქალაქების, მათ შორის, თელ-ავივის მიმართულებით. ჰამასის დაჯგუფებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ "ისრაელს ეკისრება ყველა ის შედეგი, რასაც ეს სახიფათო დამიზნებული იერიში და ესკალაცია მოიტანს".