როგორ მუშაობს გერმანული IRIS-T ის სისტემები

რუსეთი უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს, მათ შორის, იბომბება დედაქალაქიც. ბოლო კვირების განმავლობაში კიევზე იერიშებმა სისტემური ხასიათი მიიღო.

გახშირებული თავდასხმების ფონზე კიევისთვის საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მოთხოვნას მიწოდება დროში ჩამორჩება, თუმცა ეტაპობრივად უკრაინა შეძლებს ერთგვარი დამცავი გუმბათი შექმნას, სულ მცირე, დედაქალაქისთვის.

კიევის თავზე ცის ნაწილობრივ მაინც ჩაკეტვაში უკრაინას ბოლოს გერმანიისგან მიღებული IRIS-T-ის ტიპის თავდაცვითი სარაკეტო კომპლექსიც დაეხმარება. ეს ინფრა-წითელი თვით-გამიზნვის სისტემაა, რომელიც, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიიდან უკრაინაში უკვე ჩავიდა.

როგორ მუშაობს IRIS-T ანუ ინფრა-წითელი თვით-გამიზვნის სისტემა?

სისტემა სულ სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ადამიანის მონაწილეობა პროცესში მინიმალურ დონეზეა დაყვანილი. ინფრა-წითელი თვით-გამიზვნის სისტემა რადარის დახმარებით ავტომატურად პოულობს სამიზნეს, გადასცემს სიგნალს გამშვებს და ახდენს მის მყისიერ განადგურებას.

ძირითადი კომპონენტების მახასიათებლები:

მულტიფუნქციური რადარი

  • რადარის მანძილი 250 კილომეტრი
  • რადარის სიმაღლის კუთხე 90 გრადუსამდე


IRIS T გამშვებ-მონიტორინგის სისტემა

  • გამშვების გადაადგილება 20 კილომეტრის რადიუსშია შესაძლებელი
  • სროლის მაღალი სიმძლავრე, ეფექტურობა და მრავალ სამიზნეზე ერთდროულად კონცენტრაცია
  • 360 გრადუსიანი დაცვა
  • 40-კილომეტრამდე ეფექტური მოქმედების არეალი, ფარავს 20 კილომეტრს სიმაღლეში.
*თითო გამშვებში 8 რაკეტაა მოთავსებული, რომლებსაც სამიზნის განადგურება 40 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია.

მართვისა და კონტროლის სისტემა

  • საჰაერო სივრცის უწყვეტი დაზვერვა
  • საფრთხის შეფასება და იარაღის შერჩევა ცეცხლის ძალის კონტროლი
  • მისიის დაგეგმვა (რეალურ და არარეალურ დროში)
* სისტემას ერთდროულად შეუძლია 24 რაკეტის მართვა.

რა ვიცით თავად რაკეტის შესახებ?

IRIS-T-ის რაკეტები ეფექტურად მოქმედებს ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, როგორიცაა Kh-101 და 3M-54, არ მოქმედებს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.

რა შეგვიძლია დავიცვათ IRIS-T სისტემებით?


გერმანული წარმოების ამ ანტი-საჰაერო სისტემით შესაძლებელია დასახლებული პუნქტების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სახმელეთო ჯარების დაცვა საჰაერო თავდასხმებისგან. სისტემას შეუძლია დაცვა უზრუნველყოს უწყვეტად გრძელვადიან პერსპექტივაში. IRIS-T სისტემის პირველი წარმატებული გამოცდა 2014 წელს მოხდა.

გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვითი სისტემა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე საჰაერო სისტემად არის მიჩნეული. ის ეფექტურია რუსული ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მისატანად გამოიყენება. რუსეთი უკრაინული ქალაქების დაბომბვისთვის ამ ტიპის რაკეტებსაც აქტიურად იყენებს. ასევე, გახშირდა ირანული დრონების გამოყენებაც, რომლებითაც ამ დღეებში კიევში რამდენიმე შენობა დაიბომბა.

ასევე ნახეთ: "რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სამაგალითო არაპროფესიონალიზმი გამოავლინა" - წერეთელი

სარაკეტო სისტემა, რომელიც უკრაინამ გერმანიისგან მიიღო, საშუალო რადიუსზე მოქმედებს. ახლა უკრაინას IRIS-T -ის ტიპის ერთი კომპლექსი აქვს, უახლოეს პერიოდში კი ბერლინისგან დამატებით სამ სისტემას მიიღებს, რაც უკრაინელებს უფრო დიდი ტერიტორიის დაცვის საშუალებას მისცემს.

გამოცემა Welt am Sonntag-ის ინფორმაციით უკრაინამ გერმანიას IRIS-T-ის 11 სისტემა სთხოვა, პირდაპირი შესყიდვის გზით, რომელიც საერთო ჯამში 1.5 მილიარდ ევროს აჭარბებდა. გერმანული მედიის ცნობით, პრობლემა წარმოებისა და მიწოდების კუთხით არის და არა პოლიტიკური. ახლა ბერლინი ამბობს, რომ დაპირებული 4 სისტემიდან სამს უკრაინა მომდევნო 2023 წლის ბოლომდე მიიღებს.

Your browser doesn’t support HTML5

რას ნიშნავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები?

კიევი ამბობს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა, რათა შეამციროს მსხვერპლი, განსაკუთრებით, მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან რუსეთის სამიზნე ბოლო 7 თვის განმავლობაში სწორედ საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და თავშესაფრებია.

უკრაინას ყველაზე დიდი ოდენობის სამხედრო დახმარებას ამერიკა და დიდი ბრიტანეთი უწევენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, კიევი უახლოეს პერიოდში მიიღებს აშშ-ის ეროვნულ მოწინავე სარაკეტო სისტემას (NASAMS), იგივე „ნასამსებს“ რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საჰაერო თავდაცვით სისტემაა. ნასამებით თეთრი სახლის და სხვა ამერიკული სტრატეგიული შენობისა თუ ობიექტის დაცვა ხდება.