სად უნდა ვეძებოთ თამარ მეფის საფლავი?

ინგუშური გადმოცემის მიხედვით, აქ, თხაბა(ტყობა)-ერდის ქართული ეკლესიის მიდამოებში, საქართველოს დიდი მეფე თამარია დამარხული

ვისი სამარხია თხაბა(ტყობა)-ერდის მიდამოებში? რატომ არ სჯერათ ქართველ მეცნიერებს ინგუშების აღმოჩენის?

ქართველი მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა სკეპტიციზმით შეხვდა, მეზობელი ინგუშეთიდან გავრცელებულ სენსაციურ ცნობას, საქართველოს ლეგენდარული მეფის - თამარის (1160-1213) საფლავის, შესაძლო აღმოჩენასთან დაკავშირებით.

ინგუში არქეოლოგების ცნობით, ინგუშეთის მთიანეთში, ჯეირაჰის რაიონში, მდინარე ასას ხეობაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, გამოჩნდა გამოქვაბული, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია - მასიური ქვები, ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით. ინგუში მეცნიერების აზრით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია დაკრძალული.

რატომ მაინც და მაინც თამარ მეფის საფლავი? უძველესი ინგუშური გადმოცემის თანახმად, მეფეთ მეფე თამარი სწორედ მდინარე ასას ხეობაშია დაკრძალული. ინგუშეთის ტერიტორიაზე არსებული, მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნის ქართული ეკლესიის - თხაბა(ტყობა)-ერდის მიდამოებში. გამოქვაბულიც სწორედ აქ აღმოჩნდა.

თამარ მეფის ფრესკა, ყინწვისის მონასტერში

ჩეჩენმა ფოტოჟურნალისტმა მუსა საიდულაევმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ გამოქვაბული უკვე მოინახულა ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა.

„იმერკავკასიონის სივრცე, საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით - ბაგრატ მესამის ეპოქიდან, მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ვიდრე თემურ ლენგის შემოსევებამდე, (ძურძუკეთი უფრო მერეც) იყო - საქართველოს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, რელიგიურ და კონფესიურ სივრცეში. შესაბამისად, თამარის საფლავზე ასეთი თქმულებების არსებობა ინგუშეთში გასაკვირი არ უნდა იყოს.
გივი ღამბაშიძე

მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულამდე მიღწევა მხოლოდ ალპინისტური მოწყობილობის გამოყენებით შეიძლება, ეკლესიასა და გამოქვაბულს, მთელ პერიმეტრზე, „შავი არქეოლოგებისგან“ გაძლიერებული დაცვა იცავს.

არქეოლოგი და კავკასიოლოგი გივი ღამბაშიძე, რომელიც 1968-72 წლებში, თხაბა(ტყობა)-ერდის რესტავრაციასა და არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა, "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

„იმერკავკასიონის სივრცე, საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით - ბაგრატ მესამის ეპოქიდან, მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ვიდრე თემურ ლენგის შემოსევებამდე, (ძურძუკეთი უფრო მერეც) იყო - საქართველოს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, რელიგიურ და კონფესიურ სივრცეში. შესაბამისად, ასეთი თქმულებების არსებობა ინგუშეთში გასაკვირი არ უნდა იყოს.

ამავე დროს, ჩვენ რასაკვირველია გვახსოვს და ვიცით, რომ თამარ მეფის ორი ისტორიკოსი და ლაშა-გიორგის ისტორიკოსი ანუ მესამე წყაროც მიუთითებს, რომ როდესაც, ჩვენი დიდი მეფე, თამარი გარდაიცვალა, იგი დასაფლავდა, წინაპართა საძვლეში ანუ გელათში“ - გვითხა გივი ღამბაშიძემ.

პირველი წყარო, რომელიც თამარ მეფის გელათში დაკრძალვას ადასტურებს, ისტორიული თხზულება „ისტორიანი აზმანი შარავანდედთანია“ (1195-1295), სადაც უცნობი ავტორი წერს, რომ თამარის ცხედარი წაიღეს „სამკვიდრებელსა მასსა გელათს და დამარხეს სამარხავსა პატიოსანსა“.

მეორე წყაროში, ბასილი ეზოსმოძღვარის „ცხოვრება მეფეთმეფე თამარისა“-ში (12-13 საუკუნეები) წერია, რომ ცხედარი „მცირეთა შინათ დღეთა მცხეთად დადვეს და მერე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისთა შინა სამარხოს.“

თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძის, საქართველოს მეფე ლაშა გიორგის მემატიანეც ასევე ამბობს, რომ თამარი გარდაიცვალა "თვესა იანვარს 12-სა, დღესა ოთხშაბათსა, დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა".

ამავე დროს, არსებობს ფრანგი ჯვაროსანი რაინდის დე ბუას წერილი, რომელიც მან, სავარაუდოდ, 1222 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონის არქიეპისკოპოსს - ამადე დე ტრემლეს მისწერა.

წერილში, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში 1893 წელს აღმოაჩინეს, საუბარია, რომ „გეორგენების“ 16 წლის მეფეს, დედამისის თამარის ძვლები იერუსალიმში მიაქვს.

„ვინაიდან მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, მისი ძვლები იერუსალიმში წაეღოთ და უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალათ. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“ - წერს რაინდი დე ბუა.

კიდევ ერთი ვერსიით, პოლიტიკური არეულობის გამო, მეფე ლაშა-გიორგიმ (1192-1223) იერუსალიმს ვერ ჩაარწია და თამარი კუნძულ კვიპროსზე, ქართველების მიერვე აშენებულ ღალიის მონასტერში დაკრძალა. თუმცა, რამდენიმე წლიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ღალიაში, ვერც ეს ვერსია გაამყარა.

ამავე დროს, არსებობს თამარის ასულის რუსუდანის (1194-1245), წერილი, რომის პაპის ჰონორიუს მესამისადმი, (სავარაუდოდ, 1222-23 წლის) სადაც რუსუდანი წერს, რომ ვატიკანის თხოვნის მიუხედავად, მისი ძმა, მეფე ლაშა გიორგი ვერ წავიდა დუმიატში (ეგვიპტე) ქრისტიანი ჯვაროსნების დასახმარებლად.

„წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში“ - რუსუდანის ეს წერილი კი ეჭვქვეშ აყენებს დე ბუას წერილს, რომ ლაშა გიორგი ნამდვილად გაემგზავრა იერუსალიმისკენ და თან დედის ძვლები წაიღო.

ქართველ მეფეთა საძვალე გელათი, სადაც თამარ მეფე დაკრძალეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, 1920 წლის ივლისში, ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა, თამარ მეფის საფლავის მოსაძებნად, პირველმა, გელათის მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მინაშენის ტერიტორია გათხარა, რომელსაც „თამარის ევკდარსაც“ უწოდებენ.

საფლავში აღმოჩნდა ორი მამაკაცის, ერთი ბავშვის და ერთი ქალის ცხედრის ნაშთი, რომელიც სავარაუდოდ, იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის (1703-1752) მეუღლის - მარიამ დადიანის უნდა იყოს.

ექვთიმე თაყაიშვილმა, სავარაუდოდ, სამღვდელოებასთან დაპირისპირების და ერთ-ერთ საფლავზე არსებული წარწერის გამო ("ესე საფლავი ჩემი არის და ვინცა ეს ჩემს უკან გახსნას, შეჩვენებულ იყოს") გათხრები გელათში შეაჩერა, ბოლომდე არ მიიყვანა და "თამარის ევკდარში" კიდევ ერთი საფლავი არ გახსნა.

„ჩვენ გვაქვს მყარი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, მე-13 საუკუნის 70-იან წლებში, თამარის საფლავს გელათში ჰყავს თავისი მწირველი. ასე, რომ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამარი გელათში დასაფლავდა, შემდგომში, შესაძლოა იგი გადაასვენეს, მაგრამ ის რომ ეს მოხდებოდა ინგუშეთში და, თან, გვიან შუა საუკუნეებში, ეს ვერსია რეალობას მოკლებულია.“
მარიკა ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი

ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 1730 წელს, როცა იმერეთის მეფემ ალექსანდრე მეხუთემ „თამარის ევკდარში“ მისი მეუღლე დაასვენა, იქ თამარ მეფის ნეშტი აღარ უნდა ყოფილიყო.

ერთ-ერთ იმდროინდელ გელათურ სიგელში ვკითხულობთ: „იყვნენ მუნ გელათსა კერძო მარჯვენით ეგვტერი დავიწყებული ჟამთა ვითარებისგან არავინ უწყოდა, თუ ვისი საძვლე ყოფილიყოო.“

მეცნიერთა მეორე ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ალექსანდრე მეხუთეს შესაძლოა, თამარ მეფის ცარიელი საძვალე უბრალოდ მიეთვისებინა, მაგრამ სად წავიდა მაშინ თამარის ნეშტი? ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

„ჩვენ გვაქვს მყარი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, მე-13 საუკუნის 70-იან წლებში, თამარის საფლავს გელათში ჰყავს თავისი მწირველი.

ასე, რომ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამარი გელათში დასაფლავდა, შემდგომში, შესაძლოა იგი გადაასვენეს, მაგრამ ის რომ ეს მოხდებოდა ინგუშეთში და, თან, გვიან შუა საუკუნეებში, ეს ვერსია რეალობას მოკლებულია.“

ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის მსგავსად, ქართველ ისტორიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ თამარ მეფე, როგორც საქართველოს ოქროს ხანის და იმდროინდელი მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფოს მმართველი, ყველა ღირსებითა და პატივით, ნამდვილად, ქართველ მეფეთა საძვალეში - გელათში დაკრძალეს.

1510 წლის 23 ნოემბრამდე კი სანამ თურქები, ოსმალეთის სულთან სელიმ პირველი იავუზის სარდლობით, ქუთაისთან ერთად, გელათის მონასტერსაც გადაწვავდნენ (“დაწვეს დიდი მონასტერი გელათისა შიგნით და გარეთ” - წერს მემატიანე), როგორც თამარის, ისე დავით აღმაშენებლის და სხვა ქართველ მეფეთა ძვლები გადასვენებული იქნა უფრო უსაფრთხო ადგილას. თუმცა, სად, ეს დღემდე გამოცანად და საიდუმლოდ რჩება.

არის სხვა მოსაზრებაც, რომ თამარი არ გადაუსვენებიათ, ისევ გელათში ასვენია, უბრალოდ, ექვთიმე თაყაიშვილის ერთადერთმა მცდელობამ 1920 წელს, ეპოვა დიდი მეფის საფლავი, შედეგი ვერ გამოიღო. ქართველოლოგ მარი ბროსეს აზრით კი თამარი დაკრძალულია ან ვარძიაში ან გელათში.

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიაშარია "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, არ არის გამორიცხული ქართველი მეცნიერები ინგუშეთში მაინც გაემგზავრონ და თხაბა(ტყობა) ერდის სიახლოვეს აღმოჩენილი სამარხი შეისწავლონ.