მორიგი ტრაგედია ტყიბულში: „საქნახშირი“ ბრალდებებს ისევ უარყოფს

ტყიბულელი მეშახტეები By Achi Gegenava

თითქმის 12 საათი გაგრძელდა, ოთხი მეშახტის ძებნის რთული სამაშველო ოპერაცია ქალაქ ტყიბულში. ისინი გუშინ, მინდელის სახელობის შახტიში 350 მეტრი სიმაღლიდან გადაცვივდნენ. ტრაგედია, რომელსაც „საქნახშირმა“ და სახელმწიფომ ისევ „უბედური შემთხვევა“ უწოდეს, 9 მაისს, 17 საათსა და 30 წუთზე მოხდა.

საშახტო აწევის ოთხი ზეინკალი: გიზო კუბლაშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და ალეკო ჭელიშვილი სატვირთო ლიფტზე, რომლითაც ნახშირს იღებენ, გეგმიურ სარემონტო სამუშაობს ასრულებდნენ. მათ ბაგირის შეცვლის მიზნით, ამწევი დანადგარი დროებით ექსპლოატაციიდან გამოიყვანეს.

საბოლოოდ სწორედ ამწევმა დანადგარმა მოუსწრაფა ოთხივე ზეინკალს სიცოცხლე. რემონტის დროს ის საფიქსაციო საყრდენიდან ასხლტა, შახტიში გადავარდა და მეშახტეებიც თან ჩაიყოლა. შემთხვევას სასწაულად გადაურჩა კიდევ სამი ზეინკალი, რომლებიც რემონტში ასევე იყვნენ ჩართულნი.

მაშველებმა ცხედრებს მხოლოდ 10 მაისს მიაგნეს და დილის 8 საათსა და 30 წუთზე, 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა უკვე განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოების მომზადების პროცესში, შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება „საქნახშირის“ მენეჯმენტი. პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს:

ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც ამდენი წელია თავს გვახვევენ, რომ თუ, შრომის უსაფრთოხების ნორმებს კომპანია დაიცავს, ამით ბიზნესს მეტი ზარალი მიადგება"
თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირი

„ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც ამდენი წელია თავს გვახვევენ, რომ თუ, შრომის უსაფრთოხების ნორმებს კომპანია დაიცავს, ამით ბიზნესს მეტი ზარალი მიადგება.

ჩვენ, საზოგადოებამ თავად უნდა განვსაზღვროთ ვისი პასუხისმგებლობაა ეს ტრაგედია. თუ ქვეყანაში გვაქვს კანონები და ამ კანონს კომპანიები არ იცავენ, მაშინ ეს ცალსახად კომპანიების ბრალია. და, თუ არ გვაქვს კანონები, მაშინ არის მთავრობის ბრალი.“

ტყიბულში ოთხი მეშახტის ტრაგიკულ სიკვდილს უმწვავესად გამოეხმაურა სახალხო დამცველი. „ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას“ - დაწერა სოციალურ ქსელში უჩა ნანუაშვილმა.

დღეისათვის, შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა, მხოლოდ კერძო დამსაქმებლის ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. პლუს, ბიზნესი ვალდებული საერთოდ არ არის, შეასრულოს შრომის ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია.

ასეთი დაუსრულებელი მექანიზმი, რომელიც ბუნებრივია, რომ ვერ იცავს მშრომელთა უფლებებს, 2013 და 2015 წლებში, მთავრობასა და პარლამენტზე კერძო დამსაქმებელთა ლობისტების ტოტალური ზეწოლის შედეგად შეიქმნა.

დღემდე, ინვესტორები და დამსაქმებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ შრომის ინსპექციას საწარმოების გეგმიური შემოწმებისა და დაჯარიმების უფლება მიეცეს, მათ შორის არის კომპანია „საქნახშირიც“, რომლის შახტებმა, 2009-2017 წლებში, 22 მეშახტის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე ათეული კი დასახიჩრდა.

იურისტი დავით კლდიაშვილი ამბობს, რომ ტყიბულის ბოლო ტრაგედიაზე საქმე სისხლის სამართლის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც „შრომითი უსაფრთოხების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას“ გულისხმობს.

140-ე მუხლით, ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოში პატიმრობა მხოლოდ 4 ადამიანს მიესაჯა, ეს მაშინ როცა 2015-16 წლებში, სამუშაო ადგილზე 100 ადამიანი დაიღუპა, 168 კი დასახიჩრდა.

დავით კლდიაშვილის თქმით, სს კოდექსში კიდევ არის მუხლი, რომელიც შრომის უსაფრთხოების დამრღვევის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს მუხლი საერთოდ არ მუშაობს.

ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშანი, ბოლო წლებში მომხდარი, ასეულობით ტრაგიკული შემთხვევა, იყო თუ არა შრომითი უსაფრთხოების პირობის დაუცველობით გამოწვეული და თუ იყო, მაშინ რატომ არ მიეცა დამნაშავე პასუხისგებაში? "
დავით კლდიაშვილი, იურისტი

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაღაც უნივერსალური მონსტრის შექმნაზე, რომელიც ყველაფერს შეამოწმებს და ყველა მშრომელის უფლებას დაიცავს, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. ეს არათუ არ გააუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს, სამუშაო ადგილები აღარ იქნება, რომ ეს უფლებები გვქონდეს. ეს ერთი მხარე.

მეორე, ყურადღების მიღმა გვრჩება უკვე არსებული რეგულაცია. სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლიც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას, თუ გამოიკვეთა, რომ მან არ დაიცვა შრომითი უსაფრთხოება და ამან დასაქმებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშანი, ბოლო წლებში მომხდარი, ასეულობით ტრაგიკული შემთხვევა, იყო თუ არა შრომითი უსაფრთხოების პირობის დაუცველობით გამოწვეული და თუ იყო, მაშინ რატომ არ მიეცა დამნაშავე პასუხისგებაში?“

მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში ქვანახშირს მე-19 საუკუნიდან მოიპოვებენ. სამთო საქმის ბუმი აქ საბჭოთა პერიოდზე მოდის, როცა მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა, ნახშირის მოპოვება კი წელიწადში 3 მილიონ ტონაზე ავიდა.

ტყიბულელი მეშახტე, 1940-იანი წლები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტყიბული საერთოდ გაჩერდა. 2006 წელს, ზუსტად მაშინ, როცა საქართველოში შრომის ინსპექცია გაუქმდა, ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია ძმები გელა და დავით ბეჟუაშვილების „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ (GIG) შემავალმა „საქნახშირმა“ მიიღო. გელა ბეჟუაშვილს მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ტყიბულში დღეს მხოლოდ 9500 ადამიანი ცხოვრობს და აქედან, დაახლოებით 1500 ადამიანი „საქნახშირია“ დასაქმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა სამუშაო ადგილების არარსებობის პირობებში, ქალაქში მუშახელის საბაზრო ფასს ერთადერთი დამსაქმებელი განსაზღვრავს.

„საქნახშირს" დღეს ერთი ტონა ნახშირის მოპოვება, დაახლოებით, 80-83 ლარამდე უჯდება, ექსპორტზე კი 75-90 აშშ დოლარის ფარგლებში გააქვს. იმ ფონზე, როცა კომპანიას ტყიბულში კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს, ბუნებრივია არც აქვს ინტერესი, რომ შრომის უსაფრთხოებაზე ან საწარმოო გადაიარაღებაზე იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე აქამდე ხარჯავდა.

ექსპერტთა აზრით, ტყიბულში, სადაც დაახლოებით, 330 მილიონი ტონა ნახშირის დეპოზიტია, პრობლემათა ეს დიდი ჯაჭვი ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მხოლოდ შრომის ინსპექციის გაძლიერება, მას ვერ უშველის.