გახარია თვითიზოლაციაშია და საერთაშორისო დამკვირებლებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას გიორგი გახარია თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში. იქვე გახარია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და მადლობას უხდის საერთაშორისო დამკვირვებლებს.

"საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული - ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება. მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში. როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

ასევე ნახეთ: "ფუნდამენტური უფლებები დაცული, მაგრამ შორს უნაკლოსგან" - საერთაშორისო დამკვირვებლები

ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა სიმრავლე ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა.

ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას იზიარებს

სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას, დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას,"- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".