საქართველო სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებას უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანული მედიის შეტყობინებებს იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორია სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად იქნა გამოყენებული, დეზინფორმაცია უწოდა. თბილისში თვლიან, რომ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ შემთხვევაში ორ პარტნიორ ქვეყანას შორის “პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ არის მიმართული.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 20 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: “გავრცელდა დეზინფორმაციული პუბლიკაცია, რომელიც მრავალ უზუსტობას შეიცავს. სინანულს იწვევს, რომ აზერბაიჯანული, როგორც გამოიყურებოდა, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ-გამოცემა, ფაქტებს არაობიექტურად აღწერს, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ცდილობს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილი მიაყენოს.”

ასევე ნახეთ: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - არის მსხვერპლი

19 ივლისს, თავის “სამხედრო წყაროებზე” დაყრდნობით, აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო სარედაქციო სტატიაში ირწმუნებოდა, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის, 12 ივლისს შეტაკებების დაწყების წინ,“გრადის” გამშვები დანადგარებით და ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალით დატვირთული “კამაზის” სატვირთო მანქანები რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდნენ.” ამასთან ერთად, სერბეთიდან “ნაღმმტყორცნის სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალის დიდი პარტია გადაიტანეს.”

რა არის ცნობილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პასუხად, აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-სააგენტო Haqqin.az - მა 21 ივლისს გაავრცელა “კამაზების” ფოტოები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ ამ მედიის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსული იარაღის სახმელეთო გზით სომხეთისთვის მიწოდება საქართველოს გავლით მოხდა.

ნაღმმტყორცნების სერბულ საბრძოლო მასალას რაც შეეხება, სააგენტოს თანახმად ის სერბეთიდან საქართველოში საჰაერო გზით გადაიტანეს. და ეს “სლობოდან ტასიჩმა გააკეთა, კრიმინალურმა იარაღით მოვაჭრემ, რომელსაც ვაშინგტონის სანქციები და სკანდალურად ცნობილი “მაგნიტსკის აქტით” გათვალისწინებული შეზღუდვები აქვს დაწესებული.”

ინტერნეტ-სააგენტომ, რომელსაც თბილისის ანალიტიკოსები აზერბაიჯანის მთავრობასთან აკავშირებენ, განაცხადა: “სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, haqqin.az - ს საქართველოდან სომხეთში გადატანილი ნაღმტყორცნების ჭურვების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გამხელა არ შეუძლია. შეგვიძლია მხოლოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვა სომხეთისთვის განკუთვნილი შეიარაღების მიწოდება ისეთი პირების მიერ, რომლებზეც შეერთებული შტატების კონგრესის სანქციები ვრცელდება."

საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება

გიორგი მჭედლიშვილს თბილისში, ევროპის უნივერსიტეტიდან ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს სომხეთისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთი გაეტარებინა. მისი სიტყვებით, ამ საკითხზე “ნათელი შეთანხმება” არსებობს.

ექსპერტი ამბობს, სხვა საქმეა ის, რომ ადრე, გარკვეული დროის განმავლობაში, სომხეთის ქალაქ გიუმრიში განლაგებული რუსული 102-ე ბაზის მოსამარაგებლად, რუსულმა სამხედრო ტექნიკამ საქართველო გაიარა.

“ამერიკის ხმის” რუსულენოვანი რედაქციისთვის გაკეთებულ კომენტარში ექსპერტმა აღნიშნა: “შესაძლოა გაუფრთხილებლობით, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული მხარის არაკეთილსინდისიერებით, რუსული ბაზისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნაწილი სომხეთის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის დონეზე. თუ სომხეთმა შეიარაღება სერბეთისგან საქართველოს გავლით ნამდვილად მიიღო - მაშინ ეს ერთმნიშვნელოვნად თბილისის უყურადღებობაა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან მყარი მტკიცებულებები და ის არ არსებობს."

მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამინდელი გამწვავება, რომელიც სპონტანურად დაიწყო, “ბაქოსთვის არც თუ ისე კარგად წარიმართა”. დაღუპული აზერბაიჯანელი გენერალი არა მხოლოდ თავისთავად ტრაგედია, არამედ ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ძლიერი დარტყმაცაა.

მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ იმავე დღეს, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ბაქოში სპონტანური მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის “ძალიან არასასიამოვნო მოულოდნელობა” აღმოჩნდა.

მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ “შესაძლოა ბაქოში ამ ამბის, სხვა ამბით “გადაფარვა” გადაწყვიტეს და “მეგობრული ქვეყნის მხრიდან ღალატი” ამისთვის კარგად გამოდგება. მით უმეტეს, რომ “haqqin.az” თავს არასამთავრობო სამართალდამცავი ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისთვის” პორტალად კი წარმოადგენს, თუმცა სინამდვილეში ის კვაზი-სახელმწიფო ორგანიზაციაა. დღევანდელ აზერბაიჯანში ჭეშმარიტად უფლებადამცველი ორგანიზაცია რომ არსებულიყო, მას სახელმწიფოსთან პრობლემები აუცილებლად ექნებოდა.”

პოლიტოლოგის თანახმად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში თუნდაც არაპირდაპირი მონაწილეობა საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება.

“რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის დონეზე თბილისი ერთმნიშვნელოვნად ბაქოს მხარესაა და ეს გამოიხატება ორი ქვეყნის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების კენჭისყრების დროს მუდმივი მხარდაჭერით, რომელიც იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას ეხება. მაგრამ, დღეს საქართველო ძალიან მოწყვლადია იმისთვის, რომ კონფლიქტში თუნდაც შუამავლის როლით ჩაერიოს.” - დაასკვნა ექსპერტმა.

პროვოკაციული დეზინფორმაცია

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილე თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ინფორმაციაზე, რომელიც აზერბაიჯანული პორტალით ორი დღის განმავლობაში ვრცელდება, ოფიციალურ ბაქოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა და მას დეზინფორმაცია უწოდა.

აქუბარდიას მიაჩნია, რომ საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობის ძირის გამოთხრით, პირველ რიგში რუსეთია დაინტერესებული.

“საქართველო და აზებაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვთანამშრომლობთ რიგ ენერგეტიკულ და ასევე სხვა მასშტაბურ პროექტში. საქართველო მეზობელი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში სტაბილურობისკენ ისწრაფვის. ამ ქვეყნებს შორის უთანხმოება ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს, განსაკუთრებით “ტრანს-ანატოლიის გაზსადენის”და “ტრანს-ადრიატიკის მილსადენის” მალე გაშვების ფონზე, რომლებშიც საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ასე რომ, ასეთი პროვოკაციული დეზინფორმაციის გავრცელება, მოსკოვის ნამოქმედარია.” აღნიშნავს თეონა აქუბარდია.

ეს სტატია მოამზადა "ამერიკის ხმის"რუსული რედაქციის კორესპონდენტმა თბილისში ნესტან ჩარკვიანმა და პირველად გამოქვეყნდა რუსული რედაქციის ვებ გვერდზე აქ.