„მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის“

სურათზე: საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძეს 8 ხმა უკვე გარანტირებული აქვს

საქართველოს სახალხო დამცველი და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის. პროცესს, რომელიც ხვალ, 19 ნოემბერს, ბოლო სამი წლის მანძილზე, რიგით მესამე მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევით უნდა დასრულდეს, პირადად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

მინისტრი წულუკიანი პარალელურად არის ახლადშექმნილი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ხელისუფლება „იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ დამოუკიდელ კოლეგიალურ ორგანოს“ უწოდებს.

საპროკურორო საბჭოში, წულუკიანის გარდა, კიდევ 14 წევრია. აქედან, რვა წევრი მოქმედი პროკურორია (ანა კალანდაძე, კოტე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, გიორგი გაბოძე, მამუკა ფიფია, გოჩა ფაულავა, ნათია სონღულაშვილი) და ისინი პროკურორთა კონფერენციამ შეარჩია.

2 წევრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მოსამართლეა (სერგო მეთოფიშვილი, ვასილ მშვენიერაძე). მომდევნო 2 წევრი სამოქალაქო და აკადემიურ წრეებს წარმოადგენს (პოლიკარპე მონიავა, ირმა ჭკადუა), კიდევ 2 წევრი კი საპარლამენტო უმრავლესობას (ეკა ბესელია) და უმცირესობას, თუმცა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად, ამ ქვოტაზე უარი თქვა.

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებული რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნა.

„სასურველი იყო ეს პროცესი მაქსიმალურად აპოლიტიკური ყოფილიყო, ის, რომ პროკურორების რაოდენობა გაცილებით ნაკლები ყოფილიყო ამ საბჭოში, ის, რომ იუსტიციის მინისტრი არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ საბჭოში, მაქსიმალურად დაგვეზღვია თავი პოლიტიკური გავლენებისგან. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული.“

ბოლო ორი კვირის მანძილზე, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილი რვა ადამიანმა გამოთქვა. ესენი არიან: მთავარი პროკურორის ამჟამინდელი პირველი მოადგილე, 32 წლის ირაკლი შოთაძე, ანტიკორუფციული პალატის თავჯდომარე, იურისტი პაატა შავაძე, ადვოკატი ლენა კაპანაძე, რომელიც პროკურატურის ორგანოებში საბჭოთა პერიოდიდან მუშაობდა;

ასევე ადვოკატები: ლაშა გოლუბიანი, ნანა რევაზიშვილი, ვლადიმერ გაბრიჩიძე და კოტე ჭილაია. ასევე იყო სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრის კანდიდატურა, თუმცა კახი კახიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ ისურვა.

წინა კვირაში, იუსტიციის მინისტრი თითქმის ყველა კანდიდატს შეხვდა, ირაკლი შოთაძის გარდა. დღეს კი სამი მათგანის- ირაკლი შოთაძის, ნანა რევაზიშვილისა და ვლადიმერ გაბრიჩიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა. ხვალ, ფარული კენჭისყრით, საბჭო სწორედ ამ სამი კანდიდატიდან შეარჩევს მთავარი პროკურორის კანდიდატურას. შემდეგ კი იუსტიციის მინისტრი შერჩეულ კანდიდატურას, ჯერ მთავრობას, შემდეგ კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

ხუთშაბათს, იუსტიციის სამინისტროს შენობაში, თითოელ კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ხმების 2/3-ს მიიღებს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს პროკურატურის რეალური დეპოლიტიცაზიის პროცესია.

„ეს არის დეპოლიტიზაციისკენ გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. 19 ნოემბერს საბჭო 11 საათზე შეიკრიბება. სამი კანდიდატისგან შემდგარ სიას განიხილავს, უყრის კენჭს და რომელი კანდიდატიც მიიღებს უფრო მეტ ხმას, ის იქნება წარდგენილი მთავრობის წინაშე.“

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქვეყანაში უკვე სამი მთავარი პროკურორი გამოიცვალა: არჩილ კბილაშვილმა ამ თანამდებობაზე წელიწადი და ერთი კვირა გაძლო, ოთარ ფარცხალაძემ სულ ერთი თვე და 7 დღე, ხოლო გიორგი ბადაშვილმა წელიწადი და 10 თვე.

გამომდინარე იქედან, რომ საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან, 8 მოქმედი პროკურორია, ძნელი არ არის იმის პროგნოზი, რომ ხვალ, მთავარი პროკურორობის კანდიდატად, 32 წლის ირაკლი შოთაძე იქნება შერჩეული, რომელიც ბოლო ორი წელია, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. სწორედ შოთაძეს აქვს ყველაზე დიდი შანსი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 16-ე მთავარი პროკურორი გახდეს და ეს თანამდებობა 2021 წლამდე დაიკავოს.

საქართველოს გენერალური პროკურორები 1991-2013

ვახტანგ რაზმაძე 1991
ვაჟა აბაკელია 1991
ვახტანგ რაზმაძე 1992
თედო ნინიძე 1992-1993
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1994-2000
გია მეფარიშვილი 2001
ნუგზარ გაბრიჩიძე 2001-2004
ირაკლი ოქრუაშვილი 2004
ზურაბ ადეიშვილი 2004-2008
ეკა ტყეშელაშვილი 2008
ზურაბ ადეიშვილი 2008-12
თეა წულუკიანი 2012

მთავარი პროკურორები (2008 წლიდან - )

მამუკა გვარამია 2008-2009
მურთაზ ზოდელავა 2009-2012
არჩილ კბილაშვილი 2012-13
ოთარ ფარცხალაძე 2013
გიორგი ბადაშვილი 2014-15