რა ადგილს ესწრაფვის რუსეთი ავღანეთში

თალიბანის ქაბულში შესვლის შემდეგ, რეგიონული სახელმწიფოები ავღანეთში საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ. შეერთებული შტატების ამ ქვეყნიდან სწრაფად გასვლის შემდეგ, რუსეთი ჩინეთთან, ირანთან და პაკისტანთან ერთად აღმოჩნდა ისეთ პოზიციაში, როცა მას ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალება მიეცა.

რუსეთი თალიბანის ხელმძღვანელობასთან კავშირს ინარჩუნებდა და მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათ რამდენჯერმე რუსეთში უმასპინძლა.

იმავდროულად, მოსკოვს ეშინია, რომ ექსტრემისტები ავღანეთის მოსაზღვრე შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეაღწევენ და დესტაბილიზაციას გამოიწვევენ. რუსეთს შუა აზიის ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია და სამხედრო ყოფნას ინარჩუნებს.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა "ჯეიმსთაუნის ფონდმა" ამ თემაზე სასაუბროდ ექსპერტები მიიწვია. ონლაინ ვებინარში მონაწილეობა მიიღეს ფონდის უფროსმა მკვლევარმა პოლ გობლმა, თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსმა და “ნოვაია გაზეტას” მიმომხილველმა პაველ ფელგენჰაუერმა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს შუა აზია-კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ ფრედ სტარმა. ვებინარს "ჯეიმსთაუნის ფონდის" პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი უძღვებოდა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი და ბრიტანეთი თალიბანთან ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს

პაველ ფელგენჰაუერმა თქვა, რომ ქაბულის დაცემამ რუსეთის საჯარო სივრცეში საკმაო ხმაური გამოიწვია:

“ატყდა საუბარი, რომ ამერიკა ომში დამარცხდა, ამერიკა არაეფექტურია, ამერიკა ქრება, ამერიკა არათანმიმდევრულია, პრეზიდენტი ბაიდენი არათანმიმდევრულია. ამასთანავე, ეს ხმაური არა მხოლოდ პროპაგანდისტულ მანქანაში იყო ატეხილი. მსგავსი რამ თქვეს კრემლის უმაღლესი თანამდებობის პირებმა, მაგალითად უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა. მან თქვა, რომ ქაბულში პრო-დასავლური მთავრობა დაემხო და მას სხვა სუსტი პრო-დასავლური მთავრობებიც მიჰყვებიან. ის მეტწილად უკრაინას გულისხმობდა. მან განაცხადა, რომ ამერიკასთან დაკავშირებული ყველაფერი არასტაბილურია და უკრაინის მთავრობას მართებს, კიევიდან თვითმფრინავით გასაქცევად წინასწარ იზრუნოს.”

ფელგენჰაუერმის თქმით, ამგვარი ხმაურის ფონზე, სინამდვილეში რუსეთში შიშობენ, რომ ავღანეთში განვითარებული მოვლენები მათთვის უაღრესად პრობლემური იქნება. შუა აზიის უკიდურესად კორუმპირებული, ავტორიტარულ-სეკულარული რეჟიმის ქვეყნებში, მოსახლეობის დიდი მასა ღატაკია და შიდა დესტაბილიზაციისთვის შესაფერი გარემო არსებობს. არსებობს არეულობის შესაძლებლობა და იმის შესაძლებლობა, რომ შარიათის კანონების და ჯიჰადისტების პროპაგანდამ ასეთ არეულობებს ხელი შეუწყოს.

ყველაფერ ამას შუა აზიის რადიკალურად შეცვლის პოტენციალი აქვს, რაც რუსეთისთვის და ჩინეთისთვისაც კატასტროფული იქნება.
პაველ ფელგენჰაუერი


ფელგენჰაუერმა ასევე აღნიშნა, რომ შუა აზიის ქვეყნებში არის ბევრი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ შარიათის კანონებს მიესალმება, "თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თალიბები საზღვარს იარაღით გადაკვეთენ. იმუშავებს პროპაგანდა, შესაძლოა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მიღებული ფულით “მუსლიმთა საძმოს” მსგავსი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერა გამოიკვეთოს. ყველაფერ ამას შუა აზიის რადიკალურად შეცვლის პოტენციალი აქვს, რაც რუსეთისთვის და ჩინეთისთვისაც კატასტროფული იქნება. მოვლენების ასეთი განვითარება, სუნიტური ამბოხი, ხელს არც ირანს აძლევს,"- დასძინა ექსპერტმა.

რუსეთი შუა აზიის საზღვრების დასაცავად ემზადება და რეგიონის ქვეყნებთან ერთად, თურქმენეთის გამოკლებით, რომელსაც ოფიციალურად ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

კრემლი თალიბანთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებდა და ქაბულში რუსეთის საელჩო არ დაუკეტავს. რუსეთის ზოგიერთ წრეებში არის მოსაზრება, რომ თალიბანი ქვეყნის შიგნით შარიათის კანონებს დაამკვიდრებს და ეს მის საზღვრებში დარჩება, თუმცა სამხედრო წრეებში მიაჩნიათ, რომ თალიბანის ნდობა არ შეიძლება და საფრთხის მაღალი დონე არსებობს.

ასევე ნახეთ: პუტინი ცენტრალურ აზიაში ავღანელი ლტოლვილების დროებითი მოთავსების წინააღმდეგია

პრეზიდენტი პუტინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება შუა აზიის ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკის რაიმე სახით ყოფნას, იქნება ეს ანტიტერორისტული თანამშრომლობა თუ დრონების ბაზის განლაგება. მოსკოვში არის იმის განცდაც, რომ შესაძლოა ამერიკის დამარცხება სულაც არ უნდა ახარებდეთ, რადგან ეს შესაძლოა თალიბანთან ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს და ამის მიზანი, შუა აზიაში ამბოხებების გავრცელებით, რუსეთის ინტერესებზე დარტყმაა.

ფელგენჰაუერის თქმით, რუსეთის სამხედრო და დიპლომატიურ წრეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ავღანეთში ამერიკა არ უნდა ჩაანაცვლონ და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ დაბომბვებით შემოიფარგლონ. რუსეთს ავღანეთისგან არაფერი სჭირდება და ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ მან შუა აზიაში დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს.

ფელგენჰაუერის აზრით, ავღანეთს ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის, უარყოფითი სტრატეგიული ღირებულება აქვს. რაც უფრო მეტ ინვესტიციას დებ ავღანეთში, ვითარება მით უფრო უარესი ხდება. ავღანეთი ღირებული არავისთვისაა, ის ყველასთვის მხოლოდ ტვირთია.

პოლ გობლმა აღნიშნა, რომ ამერიკის დამარცხებით და ავღანეთიდან გასვლით აშკარა სიხარულთან ერთად, რუსეთში უკვე ხვდებიან, რომ ამაში რუსეთისთვის დადებითი არაფერია. შეიძლება თალიბანის გამარჯვებამ გავლენა შუა აზიასთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაზეც მოახდინოს.

რუსეთისთვის ეს საფუძვლიან რეორიენტაციას ნიშნავს. არა რუსეთის საწინააღმდეგო რეორიენტაციას, არამედ მთელი სამხრეთ რეგიონის გაერთიანებას. ვგულისხმობ, არა მხოლოდ პაკისტანს, არამედ უფრო მეტად ინდოეთს. ეს ძალის გეოგრაფიის ცვლილებაა და ვფიქრობ მოსკოვისთვის ნამდვილ გამოწვევას ქმნის.
ფრედ სტარი


ამასთან ერთად, თალიბანს ფინანსური სახსრები არ გააჩნია და ხაზინის შესავსებად, სავარაუდოდ ნარკოტიკების ექსპორტით დაკავდება. ნარკოტიკების ევროპისკენ მიმართული ნაკადები რუსეთის ტერიტორიაზე გაივლის. ნარკოტიკებს იდეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ზოგადი უარყოფითი შედეგი გარანტირებულად მოაქვს, რომლის აცილებაც ყველა მთავრობას სურს.

პოლ გობლის აზრით, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას შუა აზიაში სამხედრო თავდაცვითი ღონისძიებები გააძლიეროს, რაც არაეფექტური სტრატეგიაა და სამწუხაროდ “მაჟინოს ხაზის” ისტორიის მსგავსია. თალიბანი, სავარაუდოდ, საზღვრის დიდი ძალებით გადაკვეთას არ ეცდება. მთავარი საშიშროება, თალიბანის მიერ მიცემული მაგალითია.

იგივე სურათია ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთის პრეზიდენტმა ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე კომენტარის გაკეთებისას, სწორედ ჩრდილოეთ კავკასია ახსენა იმ რეგიონად, რომელზეც შესაძლოა, ავღანეთში თალიბანის გამარჯვებამ არასასურველი გავლენა იქონიოს. მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო რეჟიმს აძლიერებს, მაგრამ თალიბანის გამარჯვებამ ამ რეგიონის მოსახლეობას შთაგონება უკვე მისცა.

ასევე ნახეთ: თალიბანის ულტიმატუმი - რუსეთი ავღანეთიდან ევაკუაციას იწყებს 

მსგავსი განწყობები ღვივდება რუსეთის ფედერაციის სხვა მუსლიმურ რეგიონებშიც, რაც კრემლის ღრმა შეშფოთებას იწვევს.

გობლი ამბობს, რომ კრემლი კიდევ ერთი დილემის წინაშე დგას. იმისთვის რომ ქაბულთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდეს, მოუწევს კანონის გაუქმება, რომლითაც თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და რუსეთში აკრძალულია.

“რუსეთში არსებული ერთი მოსაზრებით, ეს კანონი უნდა გაუქმდეს რათა ავღანეთთან ურთიერთობა მოგვარდეს. მეორე ჯგუფი ამბობს, რომ კანონი ძალაში უნდა დარჩეს და თალიბანთან ურთიერთობის სხვა გზა გამოიძებნოს, რადგან კანონის გაუქმებით, რუსეთის შიგნით ისლამურ რადიკალიზმთან დაპირისპირების ბერკეტი დაიკარგება, ისევე როგორც გაქრება წნეხის ბერკეტი შუა აზიის ქვეყნებზე, რომ ამბოხებულებისგან დაცვისთვის სხვას არ მიმართონ".

არის მესამე ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ შევწყვიტოთ ლაპარაკი თალიბანზე, როგორც ექსტრემისტულ ჯგუფზე, მაგრამ კანონი დავიტოვოთ და გამოვიყენოთ როდესაც მოვისურვებთ. პოლ გობლის აზრით, სავარაუდოდ რუსეთში ეს პოზიცია გაიმარჯვებს, თუმცა შემდეგი კვირების განმავლობაში ეს საკითხი განხილვის საგანი იქნება.

ფრედ სტარმა აღნიშნა, რომ თუ თალიბანი შეძლებს მეტნაკლებად სიცოცხლისუნარიანი მთავრობა შექმნას, სავარაუდოდ ისინი სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის შექმნას დაუჭერენ მხარს.

“რუსეთისთვის ეს საფუძვლიან რეორიენტაციას ნიშნავს. არა რუსეთის საწინააღმდეგო რეორიენტაციას, არამედ მთელი სამხრეთ რეგიონის გაერთიანებას. ვგულისხმობ, არა მხოლოდ პაკისტანს, არამედ უფრო მეტად ინდოეთს. ეს ძალის გეოგრაფიის ცვლილებაა და ვფიქრობ მოსკოვისთვის ნამდვილ გამოწვევას ქმნის.”

მან თქვა, რომ მოვლენები სამი შესაძლო სცენარით განვითარდება. ერთი სცენარით, გასაოცრად ზომიერი და რეფორმირებული თალიბანი ავღანეთს წარმატებით მართავს. მეორე სცენარით, ავღანეთს თალიბანის ძველი, ბოროტი ფორმა მართავს. მესამე სცენარით, თალიბანი ჩამოიშლება. სტარმა თქვა, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი სცენარი განხორციელდება, მზად უნდა ვიყოთ მყისიერად გადავაფასოთ მოსაზრებები არა მხოლოდ რუსეთის და რეგიონის შესახებ, არამედ ყველაფრის შესახებ, რაც შუა აზიას და ავღანეთს უკავშირდება.

ასევე ნახეთ: ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ახლა სახმელეთო საზღვრებიდან ცდილობენ

ფრედ სტარმა აღნიშნა, რომ ავღანეთის ვითარებას და მიგრანტების შესაძლო ტალღას, სამხრეთ კავკასიისთვის უფრო მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე შუა აზიისთვის.

“შუა აზიის ქვეყნები ამ მოვლენებში ჩართული არიან და ერთმანეთთან უმაგალითო კოორდინაციით მოქმედებენ. საკუთარი ინტერესები კარგად აქვთ გაცნობიერებული და მზად არიან საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ. ეს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის დამახასიათებელი არ არის, ამიტომ მოვლენების განვითარებას დიდი სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ.”

პოლ გობლის აზრით, რუსეთი თალიბანთან თანამშრომლობას ეცდება, რათა საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკების მოძრაობა თავიდან აიცილოს, თუმცა რეგიონში მოსკოვის შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს თანამშრომლობა ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია.

პოლ გობლმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების დიდ ტერიტორიებზე გადანაწილებით, რუსეთი რომელიმე მონაკვეთზე მნიშვნელოვან სამხედრო დამარცხებას რისკავს, რასაც შესაძლოა ექო რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე მოჰყვეს და ასეთი დამარცხება სახელმწიფოს დეფრაგმენტაციის, ან თუნდაც სერიოზული დეცენტრალიზაციის საფუძველი გახდეს.

ვებინარის მონაწილეებმა გაიხსენეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ წინაპირობად ავღანური კამპანია იქცა, რაც სავარაუდოდ რუსეთშიც კარგად ახსოვთ და ამ ქვეყნის მიმართ საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრისას, ამას მხედველობაში მიიღებენ.