ჯოზეფ ბორელი უკრაინას სტუმრობს

უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, დღეს, უკრაინაში ჩავიდა. ევროკავშირის პირველი დიპლომატი, კიევს, რუსეთ-უკრაინას შორის ბოლო დროს გამწვავებული სიტუაციის ფონზე სტუმრობს.

ბორელი უკრაინაში 3 დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დროს დაგეგმილია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩასვლაც, სადაც რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები უკვე 8 წელია უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან. ომმა 13,200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კონფლიქტის ისტორიაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დიპლომატი ევროკავშირიდან საომარ ზონას ესტუმრება.

ბორელის ვიზიტი უკავშირდება დასავლეთის შიშებს, რომ მოსკოვი 100,000 ჯარისკაცის საზღვართან განლაგებით, ახალი თავდასხმისთვის ემზადება. თუმცა, კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ასევე ნახეთ: უშიშროების საბჭოს 5 წევრი ბირვული სტაბილურობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

ევროპულ მედიაში იუწყებიან, რომ ევროკავშირის ტოპ დიპლომატის ვიზიტის მიზანია, მოისმინოს უკრაინელების პრობლემები და მოინახოს გზები მათ გადასაჭრელად.

ბორელის თქმით, ახლანდელი სიტუაცია საფრთხეს უქმნის, როგორც უკრაინის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ისე მთელი რეგიონისას.

"ევროკავშირი ვერ იქნება ნეიტრალური დამკვირვებელი მოლაპარაკების დროს, რა თქმა უნდა, თუკი რუსეთს ნამდვილად სურს, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა განიხილოს",- თქვა ბორელმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი შემაკავებელი პაკეტის შემუშავებაზე.