ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს


ფრანგი მეცნიერები აცხადებენ, რომ მარსელში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც მრავალი მუტაცია აქვს. ეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო ძლიერ სახეცვლილ, იოლად გავრცელებად “ომიკრონს” და ჯერ კიდევ შემორჩენილი “დელტა” ვარიანტის სწრაფ გავრცელებას ებრძვის.

მარსელში მდებარე "IHU Mediterranee Infection"-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ ახალი ვარიანტი დეკემბერში, მარსელის მახლობლად მცხოვრებ 12 პაციენტში აღმოაჩინეს. პირველი პაციენტის ტესტმა დადებითი შედეგი ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში, კამერუნში მოგზაურობის შემდეგ აჩვენა.

ფრანგი მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტში 46 მუტაცია აღმოაჩინეს. მუტაციების ხასიათმა, ახალი ვარიანტი სახელწოდებით B.1.640.2, შესაძლოა ვაქცინების მიმართ უფრო მდგრადი გახადოს. ამასთან, უფრო ინფექციური, ვიდრე ორიგინალური ვირუსი.

შედეგები გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამეცნიერო ონლაინ გამოცემა medRxiv-ზე, რომელიც იმ კვლევებს აქვეყნებს, რომლებიც აქამდე არ ყოფილა განხილული ან გამოქვეყნებული აკადემიურ ჟურნალში.

B.1.640.2 ამ დრომდე არ გამოვლენილა სხვა ქვეყნებში, ან არ არის გამოცხადებული „შეშფოთების ვარიანტად“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

პარალელურად, დანიური კვლევა აჩვენებს, რომ "ომიკრონი" უკეთ ახერხებს დაუძვრეს ადამიანის იმუნიტეტს მაშინაც კი, თუ ისინი ვაქცინირებულნი არიან. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 12 000 ოჯახი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ვაქცინირებულ დანიელებში “ომიკრონი” 2,7-დან 3,7-ჯერ უფრო ინფექციური იყო, ვიდრე “დელტა”.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არავაქცინირებული ადამიანები უფრო მეტად გადასცემდნენ კორონავირუსს, ვიდრე ისინი, ვინც სრულად იყო აცრილი და მიღებული ჰქონდა გამაძლიერებელი, ე.წ. “ბუსტერ” დოზა.

„ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ “Omicron” - ის ვარიანტის სწრაფი გავრცელება შეიძლება უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყოს იმუნოდეფიციტთან და არა გადაცემის თანდაყოლილ ზრდასთან“ - წერენ მკვლევარები.

XS
SM
MD
LG